“უსამართლოდ მეჩვენება ის, რომ მსგავსი სახის რეგულაცია ყველაზე მწვავედ ყოველთვის ბიზნეს სექტორს ეხება“ - “ოკტოპუსი“ „მწვანე პასპორტების“  რეგულაციაზე

უსამართლოდ არ მეჩვენება, რომ ბიზნესი ჯარიმდება და არა მოქალაქე, უსამართლოდ მეჩვენება ის, რომ მსგავსი სახის რეგულაცია ყველაზე მწვავედ ყოველთვის ბიზნეს სექტორს ეხება - ძირითადად ფიტნესს და რესტორნებს - ასე აფასებს "ბიზნესპრესნიუსთან" ფიტნეს-ცენტრ “ოკტუპუსის“ დირექტორი გიორგი ასათიანი „კოვიდ პასპორტებთან“ დაკავშირებულ რეგულაციას, რომლის დარღვევის შემთხვევაში ბიზნესს 10 ათასი ლარის ოდენობის ჯარიმა ეკისრება.

მისი აზრით, უკეთესი იქნებოდა მსგავსი შეზღუდვები სახელმწიფო სტრუქტურებში, ტრანსპორტში და ისეთ სივრცეებში არსებობდეს, სადაც "ფიტნეს" ცენტრებთან შედარებით მეტი ხალხი დადის.

"უსამართლოდ არ მეჩვენება, რომ ბიზნესი ჯარიმდება და არა მოქალაქე, უსამართლობა ისაა, რომ ყველაფერი "ფიტნესიდან" და რესტორნებიდან იწყება. ამ ორ მიმარულებას რეგულაციები განსაკუთრებით მწვავედ ეხება.

ამასთანავე, არა მგონია მოსახლეობის უმრავლესობა ფიტნესში დადიოდეს. იქნება 2% მდე. შესაბამისად, ეს ვაქცინაციის პროცესის დაჩქარებას ხელს დიდად ვერ შეუწყობს. ეს წესი უნდა ყოფილიყო უფრო გლობალური, ისეთ სივრცეებში, როგორებიცაა - სახელმწიფო სტრუქტურები, ტრანსპორტი და ა.შ“, - განაცხადა ასათიანმა.

„ოკტოპუსის“ დირექტორი ამბობს, რომ ახალი რეგულაცია, რომელიც 1-ლი დეკემბრიდან ამოქმედდება, კომპანიას ხარჯებს გაუზრდის.

"ხარჯები შარშანდელთან შედარებით 35%-ით გაზრდილია ისედაც. ბუნებრივია, კიდევ ველოდებით ზრდას. ფინანსურად საკმაოდ რთული ვითარება გვექნება, თუმცა აბონიმენტებზე ფასების გაზრდას არ ვაპირებთ, რადგან ისედაც მაქსიმუმზეა. ფასის გაზრდაც ვერ იქნება ულიმიტო, ამ შემთხვევაში მომხმარებელს უნდა მოვერგოთ“, - აღნიშნა ასათიანმა.

კითხვაზე, თუ როგორ აპირებს ცენტრი ვიზიტორების კონტროლს, ასათიანი ამბობს, რომ კლუბს მაღალი სტანდარტის კონტროლის მექანიზმი აქვს, რომელიც ყველა მომხმარებლის QR კოდს სკანირებს და პერიოდულად ამოწმებს.

"მინდა აღვნიშნო, რომ ოკტუპუსში" ჩვენ გვაქვს პროგრამა, რომელიც უზრუნველყოფს, ყველა მომხმარებლის QR კოდის სკანირებას. შემდეგ ეს ინახება მომხმარებლის პროფილებზე და პერიოდულად მოწმდება.

ახალ რეგისტრირებულ მომხმარებლებს კი მოეთხოვებათ „მწვანე ბარათი“ და მხოლოდ ამის შემდეგ მოხდება კლუბში დაშვება," - ამბობს გიორგი ასათიანი.

ქრისტინე კაპანაძე