პირველი მოსმენით მხარი დაუჭირეს ცვლილებებს, რომელიც პატრონის მიერ ძაღლისა და კატის მიტოვებაზე ადმინისტრაციული სანქციის დაკისრებას იწვევს

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა პირველი მოსმენით - პრინციპების დონეზე მხარი დაუჭირა „ადმინისტრაციულ სამართალდარღევათა კოდექსში" დაგეგმილ ცვლილებებს, რომელიც პატრონის მიერ ძაღლისა და კატის მიტოვებაზე ადმინისტრაციული სანქციის დაკისრებას იწვევს.

პროექტი კომიტეტის წევრებს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ლევან იოსელიანმა გააცნო.

საკანონმდებლო ინიციატივის განხილვისას ყურადღება იმაზე გამახვილდა, რომ შინაურ ცხოველებთან დაკავშირებული პრობლემა კომპლექსურია, შესამუშავებელია ერთიანი, სწორი პოლიტიკა და არსებული ვითარება მხოლოდ ჯარიმების დაწესებით ვერ გამოსწორდება. ამ კონტექსტში აქცენტი იმაზეც გაკეთდა, რომ კანონის აღსრულება განსაკუთრებით პრობლემური რეგიონებში იქნება, სადაც შესაბამისი ინფრასტრუქტურა და სისტემა არ არსებობს.

პროექტის ინიციატორის ლევან იოსელიანის თქმით, აღნიშნული კანონის მიღებას შემაკავებელი, პრევენციული ხასიათი ექნება და ცხოველების მეპატრონეთა პასუხისმგებლობას გაზრდის.

პროექტის მიხედვით, პატრონის მიერ რეგისტრირებული ძაღლის ან კატის მიტოვება გამოიწვევს მეპატრონე ფიზიკური პირის 500 ლარის ოდენობით დაჯარიმებას, ხოლო მეპატრონე იურიდიული ან ინდივიდუალური მეწარმის დაჯარიმებას 1500 ლარის ოდენობით.

პატრონის მიერ ძაღლის ან კატის მიტოვების განმეორებით შემთხვევაში კი, მეპატრონე ფიზიკური პირი - 1 000 ლარის ოდენობით, ხოლო მეპატრონე იურიდიული პირი ან ინდივიდუალური მეწარმე 3 000 ლარის ოდენობით დაჯარიმდება.

ინიციატორთა განმარტებით, მიუსაფარი და უსახლკარო ცხოველების (ძაღლისა და კატის) რაოდენობის ზრდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი მეპატრონეების მიერ ცხოველების მიტოვებაა. როგორც კანონპროექტის განმარტებით ბარათში ვკითხულობთ, ბოლო პერიოდში გახშირებულია ცხოველების მიტოვება მეპატრონეების მიერ, რომელთაც მათზე ზრუნვისა და მოვლა-პატრონობის ვალდებულება გააჩნიათ. პრევენციული მექანიზმი კი არ არსებობს.

"კანონპროექტის მიზანია მოქმედ კანონმდებლობაში განისაზღვროს პრევენციული მექანიზმი, რომელიც შინაური ცხოველის მეპატრონეს შეაფერხებს ცხოველის ქუჩაში მიტოვებისგან.

ამასთან, კანონპროექტის მიზანია ჩამოყალიბდეს მკაცრი მექანიზმი, რაც უზრუნველყოფს ამ მიმართულებით ქვეყანაში არსებული არასასურველი ვითარების გაუმჯობესებას, საზოგადოებაში ცხოველებისადმი, როგორც ცოცხალი, სულიერი არსებებისადმი დამოკიდებულების გაჯანსაღებას, საზოგადოებაში არსებული მანკიერი მენტალიტეტის შეცვლას და ცხოველებისადმი ჰუმანური დამოკიდებულების ჩამოყალიბებას", - ნათქვამია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.