რა თანხა შედის ონლაინ თამაშებიდან ბიუჯეტში

სათამაშო ბიზნესის მოგება ყოველწლიურად რეკორდულად იზრდება, თუმცა ბიუჯეტში მოსაკრებლის სახით შეტანილი თანხა თითქმის არ იცვლება. ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული, ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობების (კონსოლიდაციის გარეშე) მიხედვით, მიმდინარე წლის 10 თვეში აზარტული თამაშებიდან ბიუჯეტში, ჯამში 55, 858 მლნ ლარი შევიდა, აქედან სისტემურ ელექტრონული ფორმის თამაშებზე (ონლაინ კაზინოები) 9,819 მლნ ლარი მოდის.

ამავე მონაცემების მიხედვით, 2020 წლის იანვარ-ოქტომბერში სათამაშო ბიზნესიდან ბიუჯეტში 16,026 მლნ ლარი შევიდა (შეგახსნებთ, ობიექტები დახურული იყო), აქედან 9,461 მლნ ლარი ონლაინ თამაშებიდან.

რაც შეეხება პანდემიამდელ, 2019 წელს, 10 თვეში სათამაშო ბიზნესმა ბიუჯეტში 97,492 მლნ ლარი გადაიხადა, აქედან 9,305 მლნ ლარი ონლაინ თამაშებზე მოდიოდა.

ცნობისთვის, 2020 წელს სათამაშო ბიზნესის ბრუნვამ 32.091 მლრდ ლარი შეადგინა. ეს კი 2019 წლის მონაცემებთან შედარებით 6.231 მლრდ ლარით, 2018 წელთან შედარებით კი 18.285 მლრდ ლარით მეტია.

ამასთან, გასულ წელს სათამაშო ბიზნესის წილი ბიზნეს სექტორის მთლიან ბრუნვაში 28%-მდე გაიზარდა. ეს მაშინ, როდესაც 2019 წელს ეს მაჩვენებელი 23,7% იყო, 2018 წელს კი - 16%.

როგორც ამ ციფრებიდან ჩანს, საქართველოში აზარტული თამაშები კვლავ ერთ-ერთი ყველაზე მომგებიანი ბიზნესია და მისი ბრუნვა ყოველწლიურად რეკორდულად იზრდება.

ნინი ქეთელაური