კახა კალაძე - საახალწლო ნობათების შესყიდვაზე ტენდერს ყველა გამგეობა საერთო სტანდარტით გამოაცხადებს

საახალწლო ნობათების შესყიდვასთან დაკავშირებით, დედაქალაქის ყველა რაიონის გამგეობა ერთი და იმავე წესით იხელმძღვანელებს, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, გამგეობების ნაწილს შესყიდვა პროდუქტების ძველი ჩამონათვალით ჰქონდა გამოცხადებული, რაც არასწორია.

„ტენდერი არ გაუქმებულა, აწი გამოცხადდება. რამდენიმე გამგეობას ჰქონდა გამოცხადებული, თუ არ ვცდები, რაც არასწორი იყო, რადგან ძველი მენიუთი, ძველი შემადგენლობით იყო გაკეთებული. ის ახალი მიდგომები, რაც არის ჩვენი მხრიდან, ყველა გამგეობაზე ერთნაირად გავრცელდება. შესაბამისად, იმ კონკრეტულ გამგეობებს, რომელთაც ტენდერი ჰქონდა გამოცხადებული, მოუწევთ, თავიდან ჩაატარონ“, - განაცხადა თბილისის მერმა.

კითხვაზე, არის თუ არა ტენდერის გაუქმების მიზეზი პროდუქტების ჩამონათვალის გაზრდა, თბილისის მერი პასუხობს, რომ ყველა გამგეობამ ერთი და იმავე წესით უნდა იხელმძღვანელოს.

„არამარტო ეს მიზეზია. არ შეიძლება გამგეობების ნაწილი სხვა შემადგენლობით ახორციელებდეს შესყიდვას და ნაწილი სხვა შემადგენლობით. ეს არასწორია“, - აღნიშნა კახა კალაძემ.