ნორვეგიას მსოფლიოში პირველი ელექტრო კონტეინერმზიდი ჰყავს

ნორვეგიამ წყალში მსოფლიოში პირველი, მთლიანად ელექტრო და ავტონომიური მართვის სატვირთო გემი ჩაუშვა, რაც Agence France-Presse (AFP) შეფასებით, „მნიშვნელოვანი ტექნოლოგიური გარღვევა და ეკოლოგიაში შეტანილი მცირე წვლილია.“

კონტეინერმზიდ Yara Birkeland-მა ნორვეგიის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე პორსგრუნის ქარხნიდან, დაახლოებით, 10 კილომეტრით დაშორებულ ბრევიკის პორტამდე სასუქით დატვირთული 120-მდე კონტეინერი გადაზიდა. ამით სატვირთო ავტომობილებით გადატანის 40 000 დამაბინძურებელი რეისი თავიდან იქნა აცილებული.

„რა თქმა უნდა, იყო სირთულეები და წარუმატებლობებიც, მაგრამ მით უფრო სასიხარულოა დღეს აქ ყოფნა და იმის დანახვა, რომ აქამდე მოვცურეთ,“ - განუცხადა AFP-ს Yara-ს გენერალურმა მენეჯერმა, სვეინ ტორე ჰოლზეტერმა.

80 მეტრი სიგრძისა და 3200 ტონა Yara Birkeland, მრავალი თვის დაგვიანებით, ორწლიან სატესტო ცურვას დაიწყებს, რომელიც თანდათან უეკიპაჟო მართვაზე გადავა. სვეინ ტორე ჰოლზეტერი მოელის, რომ 3-დან 5 წელიწადში მცირე მანძილის საცდელი მარშრუტიდან, გემი დამოუკიდებლად, სენსორების დახმარებით, ყოველდღიურად 7,5 საზღვაო მილის დაფარვაზე გადავა.

„გემებზე ბევრი ინციდენტი ადამიანის შეცდომით, მაგალითად, გადაღლილობით არის გამოწვეული. ამდენად, ავტონომიურ ოპერაციები უსაფრთხო მგზავრობას უზრუნველყოფს,” - აცხადებს პროექტის მენეჯერი, იოსტეინ ბრაატენი.

Yara Birkeland-ის ბორტზე ტრადიციული ძრავის ოთახი აკუმულატორული ბატარეებით სავსე რვაგანყოფილებიან სივრცედ გადაკეთდა, რაც გემს 6.8 მგვტ/სთ სიმძლავრის ენერგიას აძლევს და Tesla-ს 100 ავტომობილის ექვივალენტია.

AFP-ის მონაცემებით, საზღვაო სექტორს, ადამიანის ზემოქმედებით წარმოშობილი მთლიანი გამონაბოლქვიდან, თითქმის 3%-იანი წილი უკავია. სექტორი მიზნად ისახავს, ემისიები 2030 წლისთვის 40%-ით, ხოლო 2050 წლისთვის 50%-ით შეამციროს. საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) უახლესი მონაცემებით, 2012 წელს დაფიქსირებულმა 962 მილიონი ტონა სითბურმა აირებმა 2018 წელს 1 მილიარდ ტონას გადააჭარბა.

კონტეინერმზიდი Yara Birkeland წელიწადში 678 ტონა CO2-ს დაზოგავს, რაც კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლაში შეტანილი მცირე წვლილი იქნება. თუმცა საზღვაო ტრანსპორტის სპეციალისტი ბოსტონიდან, კამილა ეგლოფი ვარაუდობს, რომ ელექტროკონტეინერმზიდების განზოგადება ვერ მოხდება, რადგან ასეთი შესაძლოა, მხოლოდ მოკლე და სტაბილურ მარშრუტებზე მცურავი ბორანები და მდინარის ტრანსპორტი იყოს, გრძელი ოკეანის გადაკვეთისთვის კი ელექტროგემები შეუფერებელია.

„ავტონომიურ მართვას დიდ მანძილზე პორტის ტერმინალების შესაბამისი დამტენი სადგურებით აღჭურვა დასჭირდება, ამიტომ ეს არა მხოლოდ ტექნოლოგიური, არამედ დასატვირთი ინფრასტრუქტურის გამოწვევაც იქნება, რაც მრავალი დაინტერესებული მხარის კოორდინაციას მოითხოვს,“ - აცხადებს კამილა ეგლოფი.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ