Subway-ის თანადამფუძნებელი 90 წლის ასაკში გარდაიცვალა

Subway-ის თანადამფუძნებელი, პიტერ ბაკი, რომელმაც თავისი 1000 დოლარის საწყისი ინვესტიცია მილიარდ დოლარზე მეტად აქცია, 90 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას CNN ავრცელებს.

40 000-ზე მეტი ლოკაციით, Subway დღეს მსოფლიოში სენდვიჩების ყველაზე დიდი ქსელია. პიტერ ბაკმა, რომელიც კომპანიის დამფუძნებლებიდან ბოლო ცოცხალი ადამიანი იყო, Forbes-ის თანახმად, 1,7 მლრდ დოლარის ქონება დატოვა.

„ჩვენ ღრმად ვწუხვართ Subway-ის ერთ-ერთი დამფუძნებლის, დოქტორი პიტერ ბაკის გარდაცვალების გამო. ის იყო ერთგული და პრაქტიკული ლიდერი, Subway-ის ოჯახის განუყოფელი წევრი," - ნათქვამია Subway-ის აღმასრულებელი დირექტორის, ჯონ ჩიდსის განცხადებაში.

1965 წელს პიტერ ბაკმა თავისი ოჯახის მეგობარ ფრედ დელუკას, სენდვიჩების მაღაზიის გახსნის იდეა გაუზიარა, რათა კოლეჯის მაშინდელ პირველკურსელს კოლეჯში სწავლისთვის ფულის გამომუშავებაში დახმარებოდა. ბაკმა, რომელიც ბირთვული ფიზიკის სპეციალისტი იყო, პირველადი ინვესტიცია 1000 დოლარის ოდენობით განახორციელა და კონექტიკუტის შტატის ბრიჯპორტში სენდვიჩების „Pete's Super Submarines" („პეტის სუპერ წყალქვეშა ნავები") გახსნა. 1974 წლისთვის კონექტიკუტში ორივე მათგანი 16 მაღაზიას ფლობდა და მართავდა, რის შემდეგაც მაღაზიების ფრენჩაიზინგი დაიწყეს.

სურსათის სერვისის კვლევისა და საკონსულტაციო ფირმა Technomic-ის თანახმად, ბოლო წლებში Subway-ის აშშ-ის ლოკაციებზე გაყიდვები შემცირდა. Technomic-ის მონაცემებით, სწრაფი კვების სხვა კომპანიების კონკურენციის ფონზე, აშშ-ში Subway-ის გაყიდვები 2013 წლის 12.3 მლრდ დოლარიდან 2020 წელს 8.3 მლრდ დოლარამდე შემცირდა. 2013 წელი გაყიდვების თვალსაზრისით კომპანიისთვის, ბოლო 15 წლის განმავლობაში, საუკეთესო წელი იყო.

Subway-მ თავისი მენიუ ივლისში მასშტაბურად განაახლა, რაც კომპანიას მიმდინარე წლის აგვისტოში გაყიდვებში დაეხმარა.

პიტერ ბაკის მეგობარი, Subway-ის თანადამფუძნებელი, ფრედ დელუკა 2015 წელს, 67 წლის ასაკში გარდაიცვალა.

თავად ბაკი 1930 წელს, სამხრეთ პორტლენდში დაიბადა. 1952 წელს მან ბოუდოინის კოლეჯი დაამთავრა და კოლუმბიის უნივერსიტეტში ფიზიკის მაგისტრისა და დოქტორის ხარისხი მიიღო.

1999 წელს პიტერ ბაკმა საქველმოქმედო ფონდი, The Peter and Carmen Lucia Buck Foundation თავის მეუღლესთან ერთად დააარსა, რომელიც, ასევე, გარდაცვლილია.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ