ბარაკ ობამა: რუსეთი იზოლირებულია, მისი ეკონომიკა კი, დაშლილია

აშშ-ის მიერ უკრაინის მხარდაჭერა ამერიკული ძალისა და დიპლომატიის დემონსტრირება იყო, რომელმაც მოსკოვი და მისი ეკონომიკა იზოლაციაში მოაქცია, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ კონგრესისთვის ყოველწლიური მიმართვისას განაცხადა.

"რუსეთის აგრესიისთვის წინააღმდეგობით, უკრაინის დემოკრატიის მხარდაჭერითა და ნატო-ს მოკავშირეების თანადგომით, ჩვენ ვიცავთ პრინციპს, რომ დიდ სახელმწიფოებს არ აქვთ უფლება დაემუქრონ მცირე სახელმწიფოებს", - აღნიშნა ბარაკ ობამამ. აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, გასულ წელს აშშ-მა რთული სამუშაო შეასრულა, როდესაც მოკავშირეებთან ერთად რუსეთს სანქციები დაუწესა მაშინ, როცა ზოგიერთები ფიქრობდნენ, რომ პუტინის აგრესია მისი სტრატეგიისა და ძალის ოსტატური გამოვლინებაა.

"დღეს, ამერიკა ძლიერი და ერთიანია ჩვენს მოკავშირეებთან ერთად, რუსეთი - იზოლირებულია, მისი ეკონომიკა კი, დაშლილია. სწორედ ასე მიიწევს წინ ამერიკა - არა ფუჭი მუქარით, არამედ მუდმივი, ურყევი სიმტკიცით ", - აღნიშნა ბარაკ ობამამ.