რომან გოცირიძე - თუ ონლაინ დაიხურება, ცოცხალ კაზინოებში ითამაშებენ - უნდა დავსვათ შეკითხვა, ვის ინტერესშია? ეს ვიღაცისთვის კეთდება

უნდა დავსვათ შეკითხვა - ვის ინტერესშია? ეს ვიღაცისთვის კეთდება, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, რომან გოცირიძემ, „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა საქართველოს პრემიერის ინიციატივას, რომლის მიხედვითაც პირველ ეტაპზე ონლაინ კაზინოებისთვის გადასახადის გაზრდა, რეკლამის აკრძალვა, მომხმარებლების ასაკობრივი ზღვარის 25 წლამდე აწევა, მეორე ეტაპზე კი საერთოდ აკრძალვა იგეგმება.

როგორც გოცირიძემ აღნიშნა, უმეტესწილად, ქართულ ონლაინ კაზინოებში უცხოელები თამაშობენ.

„უცხოეთში მართლაც არის რეგულაციები. ისლამურ ქვეყნებში აკრძალულია, ევროპაში დიდი გადასახადებია. საქართველო იმიტომ არის მიმზიდველი, რომ დაბალი რეგულაციები და გადასახადებია. კაზინოს შეუძლია გასცეს დიდი ბონუსები, ფულის გატანის შესაძლებლობა და კონფიდენციალურობა. არავინ გააკონტროლებს, შეგიძლია გადარიცხო ფული სადაც გინდა. სწორედ ამიტომ, უცხოელები აქ თამაშობენ. ჩვენმა მოქალაქეებმა კაზინოებიდან მილიარდნახევარი ლარი გაიტანეს. უცხოეთში თუ ვინმემ თანხა გაიტანა, ეს უცხოელია, რომელიც თამაშობს. როდესაც ის წააგებს, ფული ქართულ კაზინოს დარჩება. მაგალითად, „თიბისი ბანკი“ და „საქართველოს ბანკი“ 80%-მდე არის უცხოელების მიერ დაფუძნებული. მათ უცხოელი მესაკუთრეები ჰყავთ, მაგრამ „თიბისი“ და „საქართველოს ბანკი“ ქართული ბანკები არ არის? მათი ყველა მეპატრონე უცხოელი რომ იყოს, ეს ბანკები საქართველოს იურიდიულ პირს წარმოადგენენ, აქ ქმნიან სამუშაო ადგილებს და იხდიან გადასახადებს“, - განაცხადა გოცირიძემ.

როგორც მან აღნიშნა, ონლაინ კაზინოების აკრძალვის შემთხვევაში, მომხმარებელი ე.წ. ცოცხალ კაზინოთი ისარგებლებს.

„3 თვის წინ პარლამენტში ერთი კანონი შემოვიდა და ის აშკარად ვიღაცისთვის იყო დაწერილი. თუ ონლაინ დაიხურება, ცოცხალ კაზინოებში ითამაშებენ. 21-ე საუკუნეა, თუ თამაში გინდა, იატაკქვეშეთშიც ითამაშებ. ანგარიშსწორება უკვე ბიტკოინებითაც არის შესაძლებელი და ამის დევნა შედეგს არ გამოიღებს. მათი თქმით, ამას იმიტომ აკეთებენ, რომ ახალგაზრდებმა იმუშაონ. სად არის სამუშაო ადგილები? სად არის „ღამის ქალაქი“, რომელსაც კალაძე დაგვპირდა? თბილისი მეორე ბერლინი, ელექტრონული მუსიკის ქალაქი შეიძლებოდა გამხდარიყო, მაგრამ დაარბიეს ეს ყველაფერი. იმისათვის, რომ ახალგაზრდობა კაზინოებში კი არ დაძვრებოდეს, არამედ სხვა რამით ერთობოდეს და ცხოვრობდეს, საჭიროა მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა და სხვა გარემოს შექმნა. საქართველო არ უნდა ჰგავდეს ჩამოძონძილ პოსტსაბჭოთა რესპუბლიკას, რადაც გადავიქეცით“, - აღნიშნა გოცირიძემ.

მან ასევე საქართველოში უმუშევრობის შესახებ ისაუბრა.

„პრემიერის თანაშემწეებმა ახლა გახსნან კომპიუტერი და ჩაიხედონ სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტის შრომისა და დასაქმების ნაწილში - 2015 წლიდან 2020 წლამდე საქართველოში სამუშაო ადგილები 66 000-ით შემცირდა. ამ ხალხის ნაწილი, 32 000 ადამიანი 2019 წელს უცხოეთში წავიდა, ხოლო 34 000 დარჩა უმუშევრად. სულ საქართველოში მთელი წლის განმავლობაში დარიგებული ხელფასი არის 15 მილიარდი ლარი. 5 მილიარდი დოლარი არის ჩვენთან შრომის ანაზღაურების შემოსავალი. ეს ძალიან ცოტაა, ეს არაფერია“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.