დე ფაქტო პრეზიდენტის „ორიგინალური“ მეთოდი და რუსული დენი კრიპტომაინინგის ლეგალიზებისთვის - როგორ აპირებს სოხუმი ენერგოკრიზისის აღმოფხვრას

აფხაზეთში 16 ნოემბრიდან ელექტროენერგიის შეზღუდვების ახალი გრაფიკი მოქმედებს და ყველა ქვესადგური 00:00-დან 07:00 საათამდე რიგ-რიგობით ითიშება. აფხაზური „ჩერნომორენერგო“ ამის მიზეზად მაგისტრალურ ხაზებზე, „შეშელეთი-1“ (110 კვტ) და „აჩგუარა“ (220 კვტ) გაზრდილ დატვირთვას ასახელებს.

„სასიცოცხლო ობიექტებს, როგორიც არის ჟანგბადის სადგურები, კოვიდ საავადმყოფოები და წყალმომარაგების სატუმბი სადგურები, ელექტროენერგია მუდმივად მიეწოდებათ,“ - აცხადებენ „ჩერნომორენერგოს“ პრესსამსახურში.

ვითარება კიდევ უფრო გაართულა „ბაგმარან-1-ის“ ხაზზე ახლახან მომხდარმა ავარიამ, რაც ენერგოსისტემაში გაზრდილი მოხმარების გამო, მისმა გადატვირთვამ გამოიწვია. „ჩერნომორენერგოში“ აღიარებენ, რომ სიცივეებით გამოწვეული მოხმარების ბუნებრივი ზრდის გარდა, ძირითად პრობლემას კრიპტოვალუტის უკანონო მაინინგი წარმოადგენს.

დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტრომ ორი დღის წინ გაგრასა და გუდაუთაში მოქმედი მაინინგ-ფერმების სიაც შეადგინა, რომელშიც მათი ადგილმდებარეობა მიახლოებით არის მითითებული. თუმცა სამართალდამცველები, „ადგილზე ეფექტიანი და სწრაფად მუშაობის მიზნით,“ „ჩერნომორენერგოს“ ჯგუფის მიმაგრებას მოითხოვენ.

დე ფაქტო ეკონომიკის მინისტრ ქრისტინა ოზგანის მონაცემებით, მდგომარეობა საგრძნობლად გაუარესდა ოქტომბერში, როცა თითქმის ყველა რეგიონში დღიური ჭარბი რაოდენობა 1,7 მლნ კვტ/სთ იყო. ამასთან, ის აღიარებს, რომ დენის გადასახადის ამოღება აფხაზეთში ტრადიციულად სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. მაგალითად, გასულ წელს მოსახლეობას 700 მილიონი რუბლის (9 359,707 დოლარის) ელექტროენერგია მიაწოდეს, საიდანაც მხოლოდ 200 მილიონი რუბლი (2 675,990 დოლარი) იქნა ამოღებული.

ქრისტინა ოზგანის თქმით, ერთი პერიოდი, „ჩერნომორენერგოსთან“ ერთად, არგადამხდელ სოფლებში ელექტროენერგიის გათიშვის პრაქტიკაც შემოიღეს. თუმცა ამან არ გაამართლა, რადგან ადგილობრივი კონტროლი მეტად სუსტი იყო და დენის გადასახადს ერთი და იგივე ხალხი იხდიდა. დღეისთვის გადასახადის ამოღების ერთ-ერთ შესაძლო ღონისძიებად ოზგანი რაიონებში მოვალეთა სიების გამოქვეყნებას ასახელებს.

„ხალხს უნდა გავაცნოთ მოვალეთა სიები. მესმის, რომ ეს არ არის ისეთი საიდუმლო ინფორმაცია, რომელსაც ვინმეს დისკრედიტაცია შეუძლია, მაგრამ ადამიანებს ეცოდინებათ მაინც, თუ ვის და რის გამო იტანჯებიან,“ - აცხადებს ქრისტინა ოზგანი, რომელიც სიტუაციის შემობრუნების მთავარ საშუალებად მრიცხველების დამონტაჟებას მიიჩნევს.

თუმცა დე ფაქტო პრეზიდენტ ასლან ბჟანიას დენის გადასახადის ამოღება ეჩქარება და გამრიცხველიანებას „საშუალოვადიან პერსპექტივას“ უწოდებს.

„ჩვენ ახლავე უნდა ვიმოქმედოთ, რომ სიტუაცია გამოსწორდეს,“ - ამბობს ბჟანია და გადასახადების ამოღების „ორიგინალურ“ მეთოდს მიმართავს: მან ყველა „სამინისტროსა“ და დეპარტამენტის ხელმძღვანელს დაავალა, თავიანთ თანამშრომლებს დენის ტარიფი ორგანიზებულად გადაახდევინონ და პროცესი პირადად გააკონტროლონ.

„საბიუჯეტო სფეროში 17 ათასი ადამიანი მუშაობს და თქვენმა ქვეშევრდომებმა მაინც გაჩვენონ, რომ დენის ტარიფი გადაიხადეს,“ - აცხადებს ბჟანია დე ფაქტო მთავრობის წევრების მისამართით.

ამასთან, ბჟანია ერთ-ერთ გამოსავლად კვლავ კრიპტოვალუტის მაინინგის ლეგალიზებასა და ე.წ. ტექნოპარკის შექმნას მიიჩნევს. ქრისტინა ოზგანის თქმით, კრიპტომაინინგისთვის ელექტროენერგიის კომერციული მოხმარება იმ მოცულობაში არის გათვალისწინებული, რაც აფხაზეთმა, ხუთწლიანი შეთანხმებით, რუსეთის ფედერაციიდან უნდა მიიღოს. შეთანხმებული დოკუმენტი „აფხაზეთის ენერგომომარაგების უზრუნველსაყოფად საჭირო მოცულობის მიწოდებას 2021 წლიდან 2026 წლამდე განსაზღვრავს.“

„მართალია, დოკუმენტში გათვალისწინებულია ელექტროენერგიის როგორც მთლიანი, ისე კომერციული და სოციალური მიწოდების მოცულობა, ასევე, ტექნიკური პრობლემები, მაგრამ აფხაზურმა მხარემ უნდა გადაწყვიტოს, რა ფორმატით განხორციელდება ტექნოპარკის პროექტი. ამასთან, დენის ტარიფი, რასაც ტექნოპარკში გადაიხდიან, ჯერ დადგენილი არ არის,“ - აცხადებს დე ფაქტო ეკონომიკის მინისტრი, რომელიც ლეგალიზებული კრიპტომაინინგის ტარიფად ადრე კვტ/სთ-ზე 3 რუბლსა და 60 კაპიკს (0.04 დოლარს) ასახელებდა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ