კონტრაბანდული პროდუქციის შემოტანის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საბაჟო წესების დარღვევის ფაქტზე, საქართველოს ერთი მოქალაქე დააკავეს.

საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა საბაჟო გამშვები პუნქტის, ,,სარფის" გავლით, საბაჟო კონტროლისაგან მალულად, საქართველოს ტერიტორიაზე შემოიტანა განსაკუთრებით დიდი ოდენობის ოქროსგან დამზადებული საიუველირო ნაკეთობები, რომელთა საერთო ღირებულება 25 000 ლარს აღემატება.

დაკავებულმა, ქვეყნის ტერიტორიაზე კონტრაბანდული პროდუქცია შენიღბულად, სპეციალურად მოწყობილი სამალავით შემოიტანა. დანაშაულებრივ ფაქტზე გამოძიება გრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის II ნაწილით, რაც თავისუფლების 5-დან 7 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.