Zoom-ის სუფთა მოგება 72%-ით გაზარდა

Zoom Video Communications Inc.-ს, რომელიც კონფერენც-კავშირის მომსახურებას ეწევა, მიმდინარე წლის მესამე კვარტალში სუფთა მოგება 71,6%-ით გაეზარდა.

როგორც კომპანიის მიერ გავრცელებულ პრეს-რელიზში ვკითხულობთ, მისი სუფთა მოგება საანგარიშო პერიოდში 340,4 მლნ დოლარს შეადგენს, მაშინ როცა გასულ წელს ანალოგიურ პერიოდში 198,4 მლნ დოლარის მოგება ჰქონდა.

რაც შეეხება შემოსავლებს, ის გაზრდილია 35%-ით და აღწევს 1,05 მლრდ დოლარს, გასულ წელს კი 777,2 მლნ შემოსავალი ჰქონდა. ამავდროულად, ზრდის ტემპები მეორე კვარტალთან შედარებით შენელებულია. აღნიშნული კი გამოიწვია ოფისებში პერსონალის დაბრუნებამ და სკოლების დისტანციურიდან რეალურ რეჟიმში გადასვლამ.

ანალიტიკოსების მოლოდინი კი მოგების ნაწილში 337 მლნ დოლარი, ხოლო შემოსავლების ნაწილში 1,02 მლრდ იყო.

მესამე კვარტლის ბოლოსთვის Zoom-ის კლიენტი კომპანიების რაოდენობა 512,1 ათასია, რაც 18%-ით აჭარბებს გასული წლის მაჩვენებელს.

Zoom მოელის, რომ წელს მისი შემოსავლები 4,079-4,081 მლრდ დოლარი იქნება.

კოკა კვირკველია