WSJ - გლობალური მიწოდების ჯაჭვში პრობლემები ნელდება

მაკომპლექტებლების გლობალური მიწოდების ჯაჭვში აქამდე დაფიქსირებული პრობლემები სულ უფრო ნელდება, თუმცა სამრეწველო კომპანიების, ლოჯისტიკური სერვისებისა და რითეილ სფეროს ტოპ-მენეჯერები სიტუაციის ნორმალიზებას და ძველ ტემპებამდე დაბრუნებას მომავალ წლამდე მაინც არ მოელიან. ამის შესახებ The Wall Street Journal წერს.

ამასთან, გამოცემის ინფორმაციით, შემცირდა ლოს-ანჟელესისა და ლონგ-ბიჩის პორტებში მომლოდინე კონტეინერმზიდების რაოდენობა, თუმცა მაინც ახლოსაა რეკორდულ ნიშნულთან. Marine Exchange of Southern California-ს მონაცემებით, 19 ნოემბრისთვის 71 გემი იყო პორტის მისადგომებთან მოლოდინის რეჟიმში, მაშინ როცა რამდენიმე დღით ადრე მათი რაოდენობა 86 იყო. პანდემიამდე კი კონტეინერმზიდზე რიგი არ ფიქსირდებოდა.

ამერიკული სატრანსპორტო კომპანიები მოელიან, რომ სიტუაცია პორტებში 2022 წლიდან გაუმჯობესდება, მას შემდეგ რაც დასრულდება წინასადღესასწაულო შოპინგის პერიოდი, ხოლო აზიაში ჩინური ახალი წლის დასრულების შემდეგ. ამასთან, ბოლო 1 კვირის განმავლობაში მეოთხედით არის გაიაფებული ტრანსწყნარი ოკეანის საკონტეინერო გადაზიდვის ღირებულებაც.

ამავდროულად, გამოცოცხლებას იწყებს სამრეწველო წარმოება სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებში, კონკრეტულად კი მალაიზიასა და ვიეტნამში, მას შემდეგ, რაც მოიხსნა პანდემიით გამოწვეული შემზღუდავი ზომები. აღნიშნულმა გამოიწვია მიკროსქემების მიწოდებაში სიტუაციის გამოსწორება, რომელიც ბაზარს არასაკმარისად მიეწოდებოდა.

მიუხედავად ამისა, ექსპრტებს აქვს მოლოდინი, რომ დასავლეთში გაზრდილი მოხმარების, შტატებში პორტებში არსებული სიტუაციის, მუშახელის დეფიციტისა და მაღალი სატრანსპორტო ტარიფების ფონზე მიწოდების ჯაჭვში პრობლემები შენარჩუნდება. ხოლო ამინდის გაუარესების და კორონავირუსით ინფიცირების გავრცელების რისკები პოტენციურად კიდევ უფრო გაართულებენ პრობლემებს გლობალური მიწოდების ჯაჭვში.

კოკა კვირკველია