გაზაფხულიდან დღემდე 3 400 ადამიანმა დაიწყო მუშაობა და თან შემწეობასაც იღებს - დავით სერგეენკო სოცდაუცველების დასაქმებაზე

2019 წლის 1-ელ იანვარს, უკვე შევიდა ძალაში მთავრობის დადგენილება, რომელიც ამბობს, რომ თუკი ადამიანი დაიწყებს მუშაობას, მას სოციალური დახმარება არ მოეხსნება - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით სერგეენკომ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“, სოციალური დახმარების პროგრამაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ის, რომ ქვეყანაში აღნიშნული სტატუსის მქონე ადამიანთა რიცხვი სულ უფრო იზრდება, რამდენიმე ფაქტორითაა განპირობებული. ერთი-ერთი ძირითადი კი, სოციალური დახმარების მოხსნაზე გამოცხადებული მორატორიუმია.

“600 000 ადამიანი სოციალური დახმარების მიმღები საქართველოში - პანდემიიდან დაწყებული, დაახლოებით, 200 000-ით გაიზარდა ეს რაოდენობა. ამის მიზეზი არის ის, რომ პანდემიის დაწყებისთანავე, შარშან ივლისში მიღებულ იქნა კანონი, რომლის მიხედვითაც, გამოცხადდა მორატორიუმი სოციალური დახმარების მოხსნაზე. იქამდე როგორ იყო, ყოველთვიურად ხდებოდა ანალიზი, იმ დადგენილი მეთოდოლოგიით, გარკვეულ რაოდენობას, სადღაც თვეში 3000-ის ფარგლებში, ეხსნებოდა და დაახლოებით ამდენივეს ენიშნებოდა. ეს მორატორიუმი გაგრძელდა, იგივე გადამოწმება, რომელიც გამოიწვევდა მოხსნას დახმარებისას, გაჩერებულია ეს პროცესი. ახალი შედინება ისევ ისე მიდის, როგორც იყო. სწორედ ეს არის ამ ზრდის გამომწვევი მიზეზი.

მეორე, განცხადება სოციალური დახმარების დანიშვნაზე - მთელი ამ წლების განმავლობაში, კუმულირებული რაოდენობა არის 1,2 მლნ, იყო და არის მსურველი ამის. შემდეგი პენსიონერების რაოდენობა - 700 ათასამდე, ეს ცალკე რიცხვი არ არის, ზედდებულია, ანუ პენსიონერებიც არიან და სოციალურად დაუცველებიც. ეს არის რაოდენობრივი მაჩვენებლები.

ახლა თვისობრივი, დამერწმუნეთ, პრაქტიკულად ყველა ქვეყნის თუ არა, ძალიან ბევრი ქვეყნის ასეთი მიზნობრივი სოციალური დახმარების სისტემა გვაქვს შესწავლილი თავის დროზე. ჩვენი არ არის არც ყველაზე კარგი, და არც ყველაზე ცუდი. სადღაც, მოსახლების 12-13% იყო მოცული ამით, ახლა 16%-მდე ავიდა, ამ ფაქტორების გამო, რაც მე მოგახსენეთ“-, განაცხადა დავით სერგეენკომ.

მისი თქმით, არსებულმა სისტემამ რამდენიმე რეფორმა გაიარა, მთავარი პრობლემა კი ის იყო, რომ ადამიანების აქტიური დასაქმების დემოტივატორი გახდა.

„არსებულმა სისტემამ რამდენიმე რეფორმა გაიარა. მთავარი პრობლემები რომ ვთქვათ, ბევრია მაგრამ ძირითადად 3 ჯგუფის არის. ერთ-ერთი მათთაგანი არის, რომ ეს სისტემა იყო აქტიური სოციალიზაციის, აქტიური დასაქმების დემოტივატორი. ადამიანებს, რიგი მიზეზების გამო, ერჩივნათ შეენარჩუნებინათ ეს სტატუსი, ვიდრე შედარებით დაბალ და საშუალო ანაზღაურებიანი სამუშაო დაეწყოთ.

2019 წლის 1-ელ იანვარს, უკვე შევიდა ძალაში მთავრობის დადგენილება, რომელიც ამბობს, რომ თუკი ადამიანი დაიწყებს მუშაობას, მას სოციალური დახმარება არ მოეხსნება. ეს ამოქმედებულია უკვე, მე დავინტერესდი და წელს გაზაფხულიდან, დაახლოებით, 3400-მა ადამიანმა ისარგებლა ამით. ისინი იღებენ სოციალურ პრივილეგიებს არსებულ ფორმით და თან მუშაობენ. მუშაობის დაწყებით მათ აღარ ეხსნებათ დახმარება.

შემდეგი, რაც პრემიერმა გააჟღერა, ეს არის აქტიური სოციალიზაციის და განლევადი სოციალური დახმარების შემდეგი ეტაპი, რომელიც რატომღაც საზოგადოების გარკვეული ნაწილისგან მცდარად იქნა აღქმული, რომ ახლა უხსნიან ამ 200 000 ადამიანს დახმარებას და აიძულებენ იმუშაონ. ეს ნამდვილად არ არის ასე, ეს არის პარადიგმა, გავრცელებულია - თევზის მიცემას ჯობია თევზის დაჭერა ასწავლო. მაგრამ, ეს არ მინდა, რომ ისევ არასწორად გაიგონ. პრემიერის განცხადება არ ნიშნავს, რომ ახლა მათ დახმარება მოეხსენებათ. პირიქით, მან ხაზი გაუსვა, რომ შეუნარჩუნდებათ სოციალური დახმარება, როგორც მონეტარული, ისე არამონეტარული პრივილეგიები, იმ შემთხვევაში თუ ისინი იმუშავებენ და პლუს, ჩვენ დავეხმარებით აქტიურ დასაქმებაში. საბოლოო ჯამში, პერსპექტივაში, იმან, ვისაც მუშაობა შეუძლია, უნდა შეძლოს თავისი ოჯახის ღირსეული რჩენა, თავისი გამომუშავებული დოვლათით და არა მხოლოდ სოციალური დახმარებით“,- განაცხადა სერგეენკომ.

ნინი ქეთელაური