ბიზნესის ნაწილს თანამშრომელთა ტესტირება საკუთარი ხარჯებით მოუწევს - როდიდან ამოქმედდება ცვლილება

ბიზნესის ნაწილს თანამშრომელთა ტესტირება საკუთარი ხარჯებით მოუწევს. აღნიშნულის შესახებ მთავრობის 18 ნოემბრის დადგენილებაშია აღნიშნული.

განკარგულების თანახმად, ცვლილება 2022 წლის 1-ლი იანვრიდან ამოქმედდება. შედეგად, სწორედ 1-ლი იანვრიდან გარკვეული ბიზნეს სუბიექტების თანამშრომელთა გატესტვას სახელმწიფო აღარ დააფინანსებს და აღნიშნული ხარჯის საკუთარ თავზე აღება ბიზნესს მოუწევს.

კერძოდ, თანამშრომელთა გატესტვა სახელმწიფოს მხრიდან აღარ დაფინანსდება - სავაჭრო ცენტრებში (ე. წ. მოლები), ბაზრებში და ბაზრობებზე (გარდა აგრარული), საცალო და საბითუმო ვაჭრობის ობიექტებში (გარდა სასურსათო მაღაზიების, სურსათის/ცხოველის საკვების, ცხოველის, ცხოველური და მცენარეული პროდუქტების, საყოფაცხოვრებო ქიმიისა და ჰიგიენის, ვეტერინარიული პრეპარატების, პესტიციდებისა და აგროქიმიკატების, სათესლე და სარგავი მასალების რეალიზაციის, ელექტროკომუნიკაციის, ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, წყლის, ბენზინის, დიზელის, თხევადი აირის მიწოდების, სამედიცინო დანიშნულების საქონლის, ფარმაცევტული პროდუქტის რეალიზაციის ობიექტებისა).

საუბარია, ამ ტიპის იმ ობიექტებზე, რომელთაც 30 და მეტი მომუშავე პირი ჰყავს. მათთვის სავალდებულო იყო, რომ ყოველ 14 დღეში ერთხელ 20% ანტიგენის სწრაფი ტესტით ან პჯრ მეთოდით ყოფილიყო გატესტილი.

თაია არდოტელი