თურქეთში ეროვნული ვალუტის გაუფასურებას საპროტესტო აქციები მოჰყვა

თურქეთის ქალაქებში, ანკარასა და სტამბულში, მოქალაქეებმა ეროვნული ვალუტის გაუფასურება გააპროტესტეს. სოციალურ ქსელებში ვრცელდება კადრები, სადაც ჩანს, რომ დემონსტრანტები ხელისუფლების გადადგომას ითხოვენ და რეჯეფ თაიფ ერდოღანის პარტიის საწინააღმდეგო ლოზუნგებს სკანდირებენ.

„სამართლიანობისა და განვითარების პარტია“ საფლავში, ხალხი - ხელისუფლებაში,“- აცხადებენ აქციის მონაწილეები. სოციალურ მედიაში გავრცელებულ ვიდეოებში ასევე ჩანს, რომ სტამბოლსა და დედაქალაქ ანკარაში შეკრებილ მომიტინგეებს სამართალდამცავები გზას უკეტავენ და გადაადგილების საშუალებას არ აძლევენ.

23 ნოემბერს, თურქული ლირა ამერიკულ დოლართან მიმართებაში 15%-ით გაუფასურდა. 2021 წლის დასაწყისიდან კი თურქეთის ეროვნული ვალუტა 45%-ითაა გაუფასურებული.