ბრიტანეთში ახალ სახლებთან ელექტრომობილების დამტენებს დაამონტაჟებენ

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა ელექტრომობილებთან დაკავშირებით ქვეყნის ახალი სტრატეგია დააანონსა. როგორც გამოცემა The Driven წერს, აღნიშნულ პროგრამაში დიდი ყურადღება გამახვილებულია ელექტრომობილებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის მოწყობაზე. სტრატეგიის თანახმად, 2022 წლიდან ბრიტანეთში აშენებული ყველა ახალი სახლის მიმდებარედ სავალდებულო გახდება ელექტრომობილის დამტენი მოწყობილობის დამონტაჟება.

ხელისუფლების გათვლებით, ახალი ზომები წლიურად 145 ათასით გაზრდის დამტენი წერტილების რაოდენობას. დღეისათვის დიდ ბრიტანეთში 250 ათასამდე დამტენი წერტილი მოქმედებს, რომლებიც ოფისებთან ან საცხოვრებელ სახლებთანაა დამონტაჟებული. ამას გარდა, უკვე აშენებულ დიდ შენობებს, რომლებსაც ჩაუტარდებათ რეკონსტრუქცია, ასევე მოუწევთ დამტენი წერტილების დამონტაჟება. ცვლილება შეეხება გადახდის მექანიზმზსაც, რომელიც გამარტივდება და გახდება უკონტაქტო.

ჯონსონმა ახალი სტრატეგიის ამუშავებას „გარდამტეხი მომენტი“ უწოდა და ხაზი გაუსვა ეკონომიკის ადაპტაციის მნიშვნელობას „მწვანე ინდუსტრიული რევოლუციის“ პირობებში. აღნიშნული პროექტი გახდება ნაწილი გაცხადებული სტარტეგიის, რომლის თანახმად ბრიტანეთში 2030 წლიდან სრულად აიკრძალება შიგაწვისძრავიანი ახალი ავტომობილების გაყიდვები.

კოკა კვირკველია