ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ იტალიის რეიტინგული სამოგზაურო გამოცემის Bell’Europa“-ს ფოტოგრაფს უმასპინძლა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ იტალიის რეიტინგული სამოგზაურო გამოცემის Bell’Europa“-ს ფოტოგრაფს უმასპინძლა.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ცნობით, პრეს-ტურის ფარგლებში იტალიელმა ფოტოგრაფმა თბილისის ღირსშესანიშნაობები, მუზეუმები, ისტორიული ძეგლები, ტურისტული ადგილები, ძველი თბილისის უბნები მოინახულა და გადაიღო.

მათივე ინფორმაციით, პრეს-ტურის შედეგად 2022 წლის დასაწყისში Bell’Europa“ საქართველოს ტურისტული მიმართულებების შესახებ 8 გვერდიან სტატიას და ფოტო-რეპორტაჟს მოამზადებს, რომელსაც იტალიაში ათი ათასობით მკითხველი გაეცნობა. პრეს-ტურის მიზანი იტალიიდან ტურისტული ნაკადების მოზიდვა და ქართული ტურისტული პროდუქტების პოპულარიზაციაა.

„საქართველოში რამდენჯერმე ვარ ნამყოფი და არაერთი სტატია მაქვს მომზადებული. ამჯერად იტალიის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან სამოგზაურო ჟურნალისთვის ვამზადებ სტატიას. თბილისის ნაკლებად ცნობილი საინტერესო ადგილები მინდა გადავიღო, რომელსაც ტურისტები უნდა ეწვიონ. საქართველოში 15 წელია ჩამოვდივარ და იმედი მაქვს მომავალში კიდევ ერთხელ ვეწვევი თქვენს ქვეყანას, რომელიც ჩემთვის მეორე სახლია“, - ამბობს ანდრეა ფორლანი ჟურნალ Bell’Europa“-ს ფოტოგრაფი.