ვინც აცრილია მათთვის მაინც უნდა იყოს ტესტირება უფასო, ჩვენ ალბათ, მივმართავთ შესაბამის ორგანოებს - "ლილო მოლის" დირექტორი

„იმედია, რომ ეს საკითხი გადაიხედება, რადგან დამატებითი ხარჯების დაკისრება ბიზნესისთვის ძალიან დიდ არეულობას გამოიწვევს“ - ასე გამოეხმაურა "ლილო მოლის" დირექტორი, გიორგი კვარაცხელია ბიზნესისთვის თანამშრომლების საკუთარი ხარჯებით ტესტირებასთან დაკავშირებით მიღებულ ახალ რეგულაციას.

როგორც კვარაცხელიამ "ბიზნესპრესნიუსთან" საუბრისას განაცხადა, მთავრობისგან პასუხისმგებლობის მოხსნა და ბიზნესისთვის თანამშრომელთა საკუთარი ხარჯებით ტესტირება სექტორზე მძიმედ აისახება.

„მიუხედავად იმისა, რომ სავალდებულო ტესტირების საწყის ეტაპზე პრემიერმა თქვა, მხოლოდ გარკვეული პერიოდით დაფინანსდება, შემდეგ კი ბიზნესმა ეს თავის თავზე უნდა აიღოსო, ორჯერ აღნიშნული კანონის შემოღება გადაიდო, რადგან ამას თან სდევდა სირთულეები. არც ახლა შეცვლილა არაფერი, ჩვენ ყველანი ვხედავთ ბიზნესისთვის ეს რამხელა ტვირთი იქნება.

ვინც აცრილია, ვისაც ვირუსი გადატანილი აქვს და გამომუშავებული აქვს იმუნიტეტი, მათთვის მაინც უნდა იყოს უფასო, ან საერთოდ არ უნდა ექვემდებარებოდეს ტესტირებას. პირველ რიგში აღნიშნული საკითხი უნდა დაზუსტდეს, რომ შემდეგ ზეწოლის შემცირების მექანიზმებზე ვიფიქროთ.

სწრაფი ანტიგენის ტესტი, რომელსაც აქამდე ვატარებდით, იძლეოდა საშუალებას შედეგი სწრფად აღმოგვეჩინა, PCR ტესტით ეს კიდევ უფრო გართულდება. უფასო ტესტირების ფარგლებში რასაკვირველია, უფრო ბევრი იცრება, ხოლო აღნიშნულ რეგულაციას დიდი არეულობა მოჰყვება.

როდესაც საწარმოს 200-300 კაცი ჰყავს, იქ პრობლემა არ არის ამის ადმინისტრირდება, ჩემთან დაახლოებით 7 ათასზე მეტი ადამიანი საქმიანობს, ვინც სავალდებულო აცრას დაექვემდებარა. ამის ორგანიზება ურთულესი ამოცანაა. ჯერ ისედაც რიგები იყო, წარმოიდგინეთ ახლა 2 კვირაში ერთხელ უნდა ავცრათ 1500 კაცამდე, თან ეს ყველაფერი ემთხვევა პერიოდს, როდესაც ვაჭრობა ფაქტობრივად, "კვდება". მეწარმეები საკუთარი თავის გადარჩენაზე და ხარჯების სწორად მართვაზე არიან გადართულები, გვიან გაზაფხულამდე ეს უმნიშვნელოვანეს პრობლემად რჩება.

ჩვენ ალბათ, ბიზნეს ასოციაციასთან მოლაპარაკების საფუძველზე მივმართავთ შესაბამის ორგანოებს და ჩვენს გულისტკივილს ვაცნობებთ, იმედია გაითვალისწინებენ, რადგან ეს ტვირთი ახლა არ უნდა გადადიოდეს ბიზნესზე", - ამბობს გიორგი კვარაცხელია.

როგორც ცნობილია, ბიზნესის ნაწილს თანამშრომელთა ტესტირება საკუთარი ხარჯებით მოუწევს. აღნიშნულის შესახებ მთავრობის 18 ნოემბრის დადგენილებაშია აღნიშნული.

ქრისტინე კაპანაძე