ჩილე, ლიბანი და ახლა უკვე თურქეთი - ბოლო წლების სავალუტო პროტესტის მსოფლიო პრეცედენტები

ანკარასა და სტამბულში საპროტესტო აქციები მას შემდეგ გაიმართა, რაც ლირა დოლართან მიმართებაში მკვეთრად გაუფასურდა. სააგენტო Cumhuriyet იუწყება, რომ აქციის მონაწილეები მთავრობისა და მმართველი სამართლიანობისა და განვითარების პარტიის გადადგომას მოითხოვდნენ. მანამდე თურქული ვალუტა ერთ დოლართან მიმართებაში 13 ლირაზე მეტად ისტორიაში პირველად დაეცა.

საპროტესტო აქციები სამშაბათს საღამოს დაიწყო და დედაქალაქისა და სტამბოლის სხვადასხვა რაიონში გაიმართა. ანკარის პოლიცია ცდილობდა, დემონსტრანტებისთვის ხელი შეეშალა, მათ შორის ბარიერების აღმართვით. მონაწილეები გარკვეული დროით მიმდებარე ჩიხებში გადანაწილდნენ, მაგრამ შემდეგ კვლავ შეიკრიბნენ და მსვლელობა გამართეს.

სტამბოლის ქურთულუშის რაიონიდან Twitter-ზე გამოქვეყნებულ ვიდეოში ჩანს, რომ პოლიცია ცდილობს, მომიტინგეების მასა ქუჩის გადაკეტვით შეაჩეროს, მეორე ვიდეოში კი ისმის მომიტინგეების სკანდირება: „გადადგეს მთავრობა!" მოსახლეობამ აქცია ცენტრალური ბანკის შენობის წინაც მოაწყო. მომიტინგეთა პლაკატებზე ეწერა: „ცუდად აკეთებთ თქვენს საქმეს! გაგასამართლებენ! მთავრობა გადადგეს!“

გასულ კვირას, იზმირში, ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესების გამო, აქციაზე თურქეთის პროგრესული პროფკავშირების კონფედერაციის (DISK) წევრები გამოვიდნენ. მათ ცხოვრების მეტად გაძვირება, ინფლაცია და დაბალი ხელფასები გააპროტესტეს.

Financial Times-ის ცნობით, 23 ნოემბერს თურქული ლირა დოლართან მიმართებით რეკორდულად, 9%-ით გაუფასურდა, რაც 2018 წლის აგვისტოს შემდეგ, თურქული ვალუტის ყველაზე მაღალი ვარდნაა. თურქული ვალუტის კურსის ვარდნა ქვეყნის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადების შემდეგ დაიწყო, როცა მან ცენტრალური ბანკი საპროცენტო განაკვეთების ბოლოდროინდელი შემცირებისთვის შეაქო. გამოცემის თანახმად, სულ რაღაც ერთ წელიწადში თურქული ლირა დოლართან მიმართებაში 40%-ით გაუფასურდა.

თურქეთის ცენტრალურმა ბანკმა 19 ნოემბერს საპროცენტო განაკვეთი 16%-დან 15%-მდე შეამცირა, ხოლო 22 ნოემბერს ერდოღანმა განაცხადა, რომ „განაკვეთის შემცირებით კმაყოფილია.“ ინფლაციის დაჩქარების შესახებ ეკონომისტების გაფრთხილების მიუხედავად, ცენტრალური ბანკი საპროცენტო განაკვეთს ზედიზედ მესამე თვეა, ამცირებს. როგორც FT აღნიშნავს, თურქეთში წლიური ინფლაცია უკვე 20%-ს უახლოვდება.

პრეზიდენტ ერდოღანმა განაცხადა, რომ ქვეყანა არ დაემორჩილება ეკონომისტებს, „ოპორტუნისტებსა“ და „გლობალურ ფინანსურ აკრობატებს“, რომლებიც საპროცენტო განაკვეთების გაზრდას მოითხოვენ. მისი თქმით, მთავრობა საპროცენტო განაკვეთების შემცირებას პრიორიტეტს ინვესტიციების, წარმოების, ექსპორტისა და დასაქმების ზრდის სტიმულირებისთვის ანიჭებს.

„ღვთის დახმარებითა და ჩვენი ხალხის მხარდაჭერით ფონს გავალთ და ეკონომიკური დამოუკიდებლობისთვის ამ ომს მოვიგებთ,“ - ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში.

ბოლო ორი წლის განმავლობაში ერდოღანმა ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელი სამჯერ შეცვალა. მიმდინარე წლის მარტში თანამდებობიდან გაათავისუფლეს ნაჯი აგბალი, რომელიც ბანკს მხოლოდ ოთხი თვის განმავლობაში ხელმძღვანელობდა. აგბალმა 18 მარტს განაკვეთი ერთბაშად 2%-ით, 17-დან 19%-მდე გაზარდა, რაც ინფლაციის შეკავებით ახსნა. თებერვალში ინფლაცია, წლიური მაჩვენებლით 15,5%-ს შეადგენდა. მეორე დღეს აგბალმა თანამდებობა დაკარგა და ის ბანკირმა, ეკონომისტმა და ყოფილმა დეპუტატმა, შაჰაფ ქავჯიოღლუმ შეცვალა. ქავჯიოღლუ მხარს უჭერს ერდოღანის თეორიას, რომ ინფლაციას ძირითადი განაკვეთის ზრდა აჩქარებს.

ეროვნული ვალუტის გაუფასურების სახალხო გაპროტესტების პრეცედენტი ამ წელს კიდევ ერთ ქვეყანაში, ლიბანში დაფიქსირდა. მარტში მთელი ქვეყნის მასშტაბით საპროტესტო გამოსვლები მას შემდეგ დაიწყო, რაც ლიბანურმა ფუნტმა დოლართან მიმართებაში შავ ბაზარზე რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. როგორც Associated Press იუწყებოდა, ინფლაციამ მოსახლეობისთვის მრავალი კრიზისის გაღრმავების ნიშანი და მთარობის კაბინეტის უპერსპექტივობა წარმოაჩინა.

ადგილობრივი ვალუტის კრახმა ფასების მკვეთრი ზრდა გამოიწვია. ზოგიერთ ქალაქში დემონსტრანტებმა გზები დამწვარი საბურავებით გადაკეტეს. ჩაიხერგა რამდენიმე ძირითადი მაგისტრალი, მათ შორის დედაქალაქ ბეირუთში, სადაც საერთაშორისო აეროპორტისკენ მიმავალი გზა მცირე ხნით გადაიკეტა. აეროპორტის გზა საბოლოოდ სამხედროებმა გახსნეს. გზები, ასევე, გადაიკეტა ჩრდილოეთით, ლიბანის სიდიდით მეორე და მესამე ქალაქებში, ტრიპოლისა და სიდონში.

მზის ჩასვლის შემდეგ, დღის მომიტინგეები ქუჩებში მეორე ჯგუფმა შეცვალა და მთავარი მაგისტრალები ისევ გადაიკეტა, რომლებიც დედაქალაქ ბეირუთს ქვეყნის ჩრდილოეთს, სამხრეთსა და აღმოსავლეთით ბექაას ველს აკავშირებენ.

„ჩვენი ღირსების დასაბრუნებლად ქუჩის გარდა, სხვა გზა აღარ დაგვრჩა,“ - აცხადებდნენ მომიტინგეები. ბევრი მომიტინგე, კოროვირუსული შემთხვევების ზრდის ფონზე, ნიღაბს ატარებდა.

მარტში ერთი დოლარი 10 000 ლიბანურ ფუნტად ივაჭრებოდა, მანამდე კი რეკორდი გასული წლის ივლისში დაფიქსირდა, როცა დოლარი შავ ბაზარზე 9 900 ფუნტი ღირდა მაშინ, როცა ოფიციალური ფასი დოლარის მიმართ 1520 ლიბანური ფუნტია. კრიზისმა 6-მილიონიანი პატარა ქვეყნის მოსახლეობის თითქმის ნახევარი სიღარიბეში ჩააგდო. ლიბანში მეზობელი სირიიდან მილიონზე მეტი ლტოლვილი ცხოვრობს.

ლიბანური ფუნტის ღირებულების ვარდნის ერთ-ერთი მიზეზი ის იყო, რომ თებერვლის ბოლოს ქვეყნის ბანკებს თავიანთი კაპიტალის ზრდის ვადა ამოეწურათ მას შემდეგ, რაც კრიზისის გამო მძიმედ დაზარალდნენ. ადგილობრივი მედიის ცნობით, ზოგიერთ კრედიტორს მყარი ვალუტის შეგროვება შავი ბაზრიდან მოუწია, რამაც დოლარზე მოთხოვნა მკვეთრად გაზარდა.

„დოლარი უდრის 10 000 ფუნტს. ხალხი მშიერია, ფასები ზევით იწევს და ელექტროენერგია არ გვქავს. სასწრაფოდ ახალი მთავრობა! კმარა ხალხის დამცირება!“ - წერდა Twitter-ზე ლიბანელი ბიზნეს მიმომხილველი, ჰალა საგბინი.

ზუსტად ორი წლის წინ, 2019 წლის ნოემბერში, ეროვნული ვალუტის რეკორდულად გაუფასურება ჩილეშიც გააპროტესტეს. Deutsche Welle იუწყებოდა, რომ ანტისამთავრობო დემონსტრაციებზე ქუჩებში ასობით ათასი ადამიანი გამოვიდა.

მოქალაქეებმა სანტიაგოში მშვიდობიანი მსვლელობა მოაწყვეს და ეროვნული დროშებით დედაქალაქის ცენტრალურ Plaza Italia-ს რაიონში შეიკრიბნენ. მომიტინგეები პოლიციას დაუპირისპირდნენ, რომლებმაც მათ დასაშლელად წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს. საპროტესტო აქციები, ასევე, სანაპირო ქალაქ ვალპარაისოში მიმდინარეობდა, სადაც მოქალაქეებმა სამთავრობო ოფისები და ადგილობრივი ტრანსპორტი აიძულეს, მუშაობა შეეწყვიტათ.

ჩილე ლათინური ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ქვეყანაა, მაგრამ ქვეყანაში მდიდრებსა და ღარიბებს შორის დიდი სხვაობა არსებობს, რასაც არეულობის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად ასახელბდნენ. ამასთან, იმ პერიოდში ჩილეს პესომ რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია და ერთი აშშ დოლარი 784 პესოდ ივაჭრებოდა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ