ახალი გადაწყვეტილებები, რომელიც საკოორდინაციო საბჭომ მიიღო

უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭომ ახალი გადაწყვეტილები მიიღო. კერძოდ, რესტორნებს სამუშაო საათებზე დაწესებული შეზღუდვა ეხსნებათ. როგორც უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ განაცხადა, გადაწყვეტილება 1-ელი დეკემბრიდან ამოქმედდება.

„რესტორნებს, რომელთაც 1-ელი დეკემბრიდან სტუმრების მიღება შეუძლიათ მხოლოდ „მწვანე პასპორტებით“, მოეხსნებათ საათობრივი შეზღუდვა მუშაობაზე. ყველა რესტორანი ვალდებულია მომხმარებელი 1-ელი დეკემბრიდან მხოლოდ „მწვანე სტატუსის“ შემთხვევაში მიიღოს,“- განაცხადა მან.

შეგახსენებთ, რომ აქამდე რესტორნებს მუშაობის უფლება 23:00 საათამდე ჰქონდათ.

ამასთან, კინოთეატრებში, თეატრებსა და ოპერაში მაყურებელთა რაოდენობა 30-დან 50%-მდე გაიზრდება.

ცნობისთვის, 1-ელი დეკემბრიდან „მწვანე ბარათის“ სისტემა ამოქმედდება.

გარდა ამისა, საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც საქართველოში არიან ვაქცინირებულები და ქვეყანაში შემოდიან სახმელეთო საზღვრით, „პისიარ“ ტესტის წარდგენის ვალდებულებისგან თავისუფლდებიან.

“პისიარ“ ტესტის ვალდებულება აცრილი ადამიანებისთვის იხსნება. საჰაეროზე ისედაც მოხსნილი იყო „პისიარის“ ვალდებულება“,- აღნიშნავს ღიბრაძე.

ნინი ქეთელაური