ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, „მწვანე პასპორტებთან“ მიმართებით მთავარი მიზანია, რომ სარესტორნო ინდუსტრიაში მათი გადამოწმება მარტივად მოხდეს. როგორც თურნავამ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა, ამაზე მუშაობა მიმდინარეობს სამინისტროების მხრიდან სარესტორნო ინდუსტრიის წარმომადგენლებთან ერთად.
„ჩვენ პრემიერ-მინისტრის დავალებით გვქონდა შეხვედრა სარესტორნე ინდუსტრიასთან და არა მარტო ჩვენ, არამედ ჯანდაცვის სამინისტროსაც. ძალიან ბევრი ტექნიკური ნიუანსია, რაზეც ვმუშაობთ, მათ შორის, ჩვენი ტურიზმის ადმინისტრაცია. ჩვენი ამოცანაა, რომ რაც შეიძლება მეტად მარტივი იყოს გადამოწმება, ხდება ეს ჩვეულებრივად სმარტფონებით ან დავუშვათ კომპიუტერის მეშვეობით, ჩვენ ვმუშაობთ რესტორნებთან, რომ უფრო მეტად ტექნიკურად გამართული იყოს. მე არ გამოვრიცხავ, რომ როგორც კი ამოქმედდება ეს სისტემა, გარკვეული ხარვეზები საოპერაციო დონეზე გამოვლინდეს, მაგრამ ამიტომაც გვექნება ჩვენ ყოველდღიური კომუნიკაცია, ჩვენც და ჯანდაცვის სამინისტროსაც, ვინც ამ აპლიკაციაზე მუშაობდა იმ ჯგუფს, რომ გავამარტივოთ და აღმოვფხვრათ სხვადასხვა სირთულე თუ გაჩნდა.
დამატებითი სანქციები ამაზე არ წესდება, მაგრამ იმოქმედებს ის, რაც ზოგადად არის ქვეყანაში დაწესებული კოვიდრეგულაციების დარღვევისთვის როგორც იურიდიულ პირებზე, ასევე ფიზიკურ პირებზე“,- განაცხადა ნათია თურნავამ.
ამასთანავე, როგორც მინისტრმა აღნიშნა, სარესტორნე ინდუსტრიის წარმომადგენლებთან შეხვედრისას კიდევ ერთი რეგულაციის მოხსნა დადგა დღის წესრიგში, რომელიც ეხება ერთ მაგიდასთან ერთდროულად 6 ადამიანზე მეტის განთავსების შესაძლებლობას, თუმცა, თურნავას თქმით, მთავრობა ჯერ დააკვირდება იმას, თუ როგორ შესრულდება „მწვანე პასპორტთან“ დაკავშირებული რეგულაცია.
„შეხვედრის დროს დაისვა არა მარტო ის საკითხი, რომ მოვხსნათ საათობრივი შეზღუდვები, არამედ მოვხსნათ სხვა შეზღუდვებიც, მაგალითად, ერთ მაგიდასთან 6 ადამიანის ერთდროულად განთავსების თაობაზე. ამ ეტაპზე ჯერჯერობით ეს ნაწილი დავტოვეთ უცვლელად, შევხედოთ ჩვენ ყველამ ერთად, როგორ იმუშავებს და რამდენად ზედმიწევნით შესრულდება ეს "მწვანე პასპორტის" რეგულაცია, ხომ არ იქნება მასშტაბური დარღვევები. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ძალიან გაგებით მოეკიდება ამას სარესტორნე ინდუსტრია, გახდება ჩვენი მოკავშირე ამ ახალი რეფორმის დანერგვის და შესრულების პროცესში, იმიტომ, რომ ეს არის როგორც საზოგადოების ინტერესში, ასევე ამ ინდუსტრიის ინტერესშიც, რომ უფრო მეტად მწვანე და უსაფრთხო იყოს. ამის შემდეგ, შეიძლება უკვე, სხვა შეზღუდვებზეც ვიფიქროთ, ახალი წელი მოდის, რა თქმა უნდა, ბევრი რაღაც იქნება გასათვალისწინებელი, მაგრამ მანამდე, მე ვფიქრობ, საკმარისია ის ლიბერალიზაცია, რაც ჩვენ გვინდა, რომ პირველი დეკემბრიდან დავუშვათ საათებთან დაკავშირებით, მაგრამ უნდა დავაკვირდეთ როგორ შესრულდება „მწვანე პასპორტთან" დაკავშირებული რეგულაცია,“- განაცხადა თურნავამ.