რესტორნებისთვის სამუშაო საათებზე დაწესებული შეზღუდვის მოხსნის გადაწყვეტილება, „მწვანე პასპორტის“ მქონე პირებისთვის მეტი უპირატესობაა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, რესტორნებისთვის სამუშაო საათებზე დაწესებული შეზღუდვის მოხსნის გადაწყვეტილება, „მწვანე პასპორტის“ მქონე პირებისთვის მეტი უპირატესობა, ხოლო “მწვანე სტატუსის“ არმქონე ადამიანებისთვის აცრის მოტივაციაა.

ამასთან, როგორც თურნავამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა, რესტორნებისთვის სამუშაო საათებზე დაწესებული შეზღუდვის მოხსნით სარესტორნო ინდუსტრიას და იქ დასაქმებულ ადამიანებს სერიოზული პრობლემები აღარ შეექმნებათ.

„ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო საკოორდინაციო საბჭომ, რომელიც ტურისტულ, კერძოდ, სარესტორნო ინდუსტრიას შეეხება. ახალი რეგულაცია არის დაკავშირებული 1-ელი დეკემბრიდან „მწვანე პასპორტების“ სავალდებულო მოთხოვნის შემოღებასთან. ანუ „მწვანე პასპორტების“ ვალდებულების პარალელურად რესტორნებს მოეხსნებათ ღამის საათების შეზღუდვა, რაც აბსოლუტურად დაბალანსებული და სწორი გადაწყვეტილებაა. ეს გადაწყვეტილება 2 ძირითადი მიზეზით არის განპირობებული. ერთი - ეს არის ის უპირატესობა, რაც „მწვანე სტატუსის“ მატარებელ ადამიანს უნდა გააჩნდეს. რასაკვირველია, როდესაც სხვადასხვა შეზღუდვა დაწესდება ვაქცინირებული ან კოვიდგადატანილი ადამინების სოციუმში აქტიურობასთან დაკავშირებით, მათ უნდა ჰქონდეთ უპირატესობა „მწვანე სტატუსის“ არმქონე ადამიანებთან შედარებით. მათ შორის, ერთ-ერთი არის ნებისმიერ დროს, რესტორნებსა და კაფეებში თავისუფლად შესვლა, რაც უფრო მეტი უპირატესობა და მოტივაციაა, რომ ადამიანები აიცრან და შეიძინონ „მწვანე სტატუსი“. მეორე სიკეთე, რაც აღნიშნულ გადაწყვეტილებას მოჰყვება არის ტურისტული და სარესტორნო ინდუსტრიის მდგრადობასთან დაკავშირებული.

ძალიან ბევრი ადამიანი არის სარესტორნო სექტორში დასაქმებული, როდესაც შემოდის რეგულაცია, რომ მხოლოდ „მწვანე სტატუსის“ მქონე ადამიანი უნდა შევიდეს რესტორანში, ეს გარკვეულწილად ზღუდავს მათ წრეს ვინც რესტორანში შესვლას შეძლებს, მაგრამ ეს კომპენსირდება შესაძლებლობით, რომ უფრო დიდხანს იმუშაოს ამა თუ იმ რესტორანმა“, - განაცხადა თურნავამ.