კოვიდ-19-ის ახალი შტამი, საქართველოში ჯერჯერობით არ გამოჩენილა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში ახალი შტამების ცირკულაციის მონიტორინგი ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს და ის ახალი შტამი, რომელიც ცირკულირებს ბრიტანეთში, ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში, რუსეთში, საქართველოში ჯერჯერობით არ გამოჩენილა. მისივე განმარტებით, ქვეყანაში ისევ დომინირებს "დელტა", იგივე "ინდური შტამი".

რაც შეეხება რეინფიცირების შემთხვევებს, ამირან გამყრელიძის განმარტებით, რეინფირცირების შემთხვევა სექტემბრის ბოლოსთვის დაახლოებით 5 000 იყო.

გარდა ამისა, მან ისაუბრა სეზონური გრიპის ვაქცინაციაზე და აღნიშნა, რომ ქვეყანამ წელს 200 000 დოზა სეზონური გრიპის ვაქცინის ოთხკომპონენტიანი ვაქცინა შეიძინა. მისივე განმარტებით, ზოგადად, სეზონური გრიპის ვაქცინაციის საკითხი და კულტურა ქვეყანაში იზრდება.

„სეზონურ გრიპზე ასევე ცრის კერძო სექტორი. ბოლო წლების განმავლობაში საშუალოდ ქვეყანაში იცრება 200 000 -დან 260 000-მდე ადამიანი და ეს კარგია, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. იცით, რომ ძირითადად ვცრით რისკ ჯგუფებს. ამჟამად ჩვენთან მიმდინარეობს ვაქცინაცია სეზონურ ჯგუფზე უკვე ოქტომბრის შუა რიცხვებიდან. დღეს დილის მონაცემებით, ათვისებულია 104 000 დოზა გრიპის ვაქცინა, ანუ დაახლოებით, 100 000-მდე დოზა არის ქსელში. ამიტომ, მივიღეთ გადაწყვეტილება, რაც დაავადებათა კონტროლის ცენტრის ბრძანებით რეგულირდება, რომ პირველ დეკემბრამდე ვაქცინა არამარტო რისკ ჯგუფებისთვის, ყველასთვის უფასოდ იყოს“, - განაცხადა გამყრელიძემ და აღნიშნა, რომ გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა კეთდება ყველა იმ პოლიკლინიკაში, სადაც ზოგადად ვაქცინაცია მიმდინარეობს.