საქართველოს სამთო გამყოლთა ასოციაცია სამთო გამყოლთა ასოციაციების საერთაშორისო ფედერაციის (IFMGA) წევრი გახდა

დღეს, საქართველოს სამთო გამყოლთა ასოციაცია (GMGA) სამთო გამყოლთა ასოციაციების საერთაშორისო ფედერაციის (IFMGA) წევრი გახდა. ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლის, მედეა ჯანიაშვილის განცხადებით, სამთო გამყოლთა ასოციაციების საერთაშორისო ფედერაციის წევრობა საქართველოს, როგორც სამთო მიმართულების, უდიდესი აღიარებაა მსოფლიო დონეზე.

„ეს არის მრავალწლიანი, თანმიმდევრული შრომის შედეგი, რომელსაც GMGA-მ საქართველოს სახელმწიფოს და საერთაშორისო პარტნიორების აქტიური მხარდაჭერით მიაღწია.

სამთო გამყოლთა ასოციაციების საერთაშორისო ფედერაციის წევრობა არის ერთის მხრივ საქართველოს, როგორც სამთო მიმართულების უდიდესი აღიარება მსოფლიო დონეზე და მეორეს მხრივ, მნიშვნელოვანი შესაძლებლობა ჩვენი მთამსვლელებისა და სამთო გამყოლებისთვის, საქართველოში მიღებული სწავლებით მოიპოვონ საერთაშორისო სტატუსი”, - განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა მედეა ჯანიაშვილმა.