ჯო ბაიდენმა ნავთობის სტრატეგიული რეზერვი გახსნა

პრეზიდენტ ჯო ბაიდენმა, საწვავზე ფასების ზრდის შეკავების მიზნით, აშშ-ს ნავთობის სტრატეგიული რეზერვის გახსნა გადაწყვიტა. ინფორმაცია თეთრი სახლის ოფიციალურ ვებგვერდზე ვრცელდება.

„პრეზიდენტი აცხადებს, რომ ამერიკელებისთვის ფასების შესამცირებლად, ასევე, პანდემიის შედეგად მოთხოვნასა და მიწოდებას შორის შეუსაბამობის მოსაგვარებლად, ენერგეტიკის დეპარტამენტი სტრატეგიული რეზერვიდან 50 მილიონ ბარელ ნავთობს გამოყოფს,“ - ნათქვამია განცხადებაში.

უახლოეს თვეებში სესხის სახით 32 მილიონი ბარელი ნავთობის გაცემა იგეგმება. რეზერვში ამ მოცულობის დაბრუნება რამდენიმე წლის განმავლობაში, ეტაპობრივად მოხდება.;

ამასთან, აშშ-ში ნავთობის გაყიდვები კიდევ 18 მილიონი ბარელით გაიზრდება. ვაშინგტონმა ეს ნაბიჯი სხვა ქვეყნებთან, კერძოდ, ჩინეთთან, ინდოეთთან, სამხრეთ კორეასთან, იაპონიასთან და დიდ ბრიტანეთთან კოორდინირებულად გადადგა.

თეთრი სახლის განცხადებაში ნათქვამია, რომ ბოლო კვირებში, როგორც კი აშშ-ის ადმინისტრაციის ამ გეგმების შესახებ გახდა ცნობილი, ნავთობის ფასი 10%-ით დაეცა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ