დიდ ბრიტანეთში შესაძლოა, კობორჩხალების ცოცხლად მოხარშვა აიკრძალოს

დიდ ბრიტანეთში რვაფეხები, კიბორჩხალები, ლობსტერები და ყველა სხვა დეკაპოდი (ათფეხა კიბოსებრთა რიგი) და ცეფალოპოდი (თავფეხა მოლუსკები) ცხოველთა დაცვის კანონმდებლობის თანახმად, გონიერ არსებებად გამოცხადდა. ამის შესახებ ქვეყნის მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში არის ნათქვამი.

ეს გადაწყვეტილება ლონდონის ეკონომიკისა და პოლიტიკური მეცნიერების სკოლის (LSE) დამოუკიდებელი მიმოხილვის დასკვნას მოჰყვა, რომ დეკაპოდებისა და ცეფალოპოდების გონივრულობის ძლიერი სამეცნიერო მტკიცებულებები არსებობს. მთავრობის განცხადებაში ნათქვამია, რომ კანონი ხერხემლის მქონე ყველა ცხოველს გონიერ არსებებად უკვე აღიარებს. თუმცა სხვა უხერხემლოებისგან განსხვავებით, დეკაპოდებსა და ცეფალოპოდებს რთული ცენტრალური ნერვული სისტემა აქვთ, რაც მგრძნობელობის ერთ-ერთი მთავარი ნიშანია. თუმცა ამ ცხოველების გონივრულ არსებებად აღიარება არ იმოქმედებს არსებულ კანონმდებლობაზე ან ისეთ ინდუსტრიულ პრაქტიკაზე, როგორიც არის თევზჭერა.

„ეს პირდაპირ ზემოქმედებას მოლუსკების ჭერაზე ან რესტორნების ინდუსტრიაზე არ იმოქმედებს. კანონი შექმნილია იმ გარანტიებისთვის, რომ ცხოველთა კეთილდღეობა კარგად იქნება გათვალისწინებული მომავალ გადაწყვეტილებებში,“ - ნათქვამია მთავრობის განცხადებაში.

The Guardian წერს, რომ ამ ცხოველების გონივრულ არსებებად აღიარების შემდეგ, ქვეყანაში შესაძლოა, მათი ცოცხლად მოხარშვა აიკრძალოს. გამოცემის თანახმად, LSE კვლევამ აჩვენა, რომ დეკაპოდებს ოპიოიდური რეცეპტორები აქვთ და ოპიოიდურ ტკივილგამაყუჩებლებზე ისევე რეაგირებენ, როგორც ხერხემლიანები. ეს იმაზე მეტყველებს, რომ ისინი ტკივილს განიცდიან. მდუღარე წყლისგან თავის დაღწევის მცდელობები ამ ცხოველების ტანჯვის უნარის კიდევ ერთი მტკიცებულებაა.

Daily Mail-ის ცნობით, დღეისთვის ასეთი ცხოველების ცოცხლად მოხარშვა შვეიცარიაში, ნორვეგიასა და ახალ ზელანდიაში აკრძალულია.

ცხოველთა დაცვის ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ მოხარშვამდე ამ მოლუსკის ელექტრო იარაღით გათიშვა ან მათი გაყინვა უფრო ჰუმანური მეთოდი იქნებოდა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ