დავოსში დღეს მსოფლიოს 45-ე ეკონომიკური ფორუმი გაიხსნება

შვეიცარიის ქალაქ დავოსში დღეს მსოფლიოს 45-ე ეკონომიკური ფორუმი გაიხსნება.

უცხოური მედიის ინფორმაციით, ფორუმის 2 500-მდე დელეგატს შორის რამდენიმე ქვეყნის ლიდერი და მთავრობის პირველი პირები, ცნობილი ბიზნესმენები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ექსპერტები იქნებიან. ”ახალი გლობალური კონტექსტი” - სწორედ ეს იქნება 2015 წლის დავოსის ფორუმის თემა, რომელიც იმ 10 ძირითად გამოწვევას მოიაზრებს, რომლებსაც თანამედროვე მსოფლიო უპირისპირდება. მათ შორის რესურსების დეფიციტი, ინფრასტრუქტურის განვითარება, ინტერნეტის მომავალი, კორუფციასთან ბრძოლა, სოციალური ინკლუზიურობა, გენდერული თანასწორობა, გრძელვადიანი ინვესტიციები, დასაქმება და სამეწამეო უსაფრთხოებაა.

ფორუმი ოთხი დღის განმავლობაში - 21-დან 24 იანვრის ჩათვლით გასტანს. დავოსის ფორუმის პრეზიდენტის კლაუს შვაბის განცხადებით, ფორუმის მონაწილეები მსოფლიო ეკონომიკაში შექმნილ არცთუ სახარბიელო ვითარებას, ამ ვითარებიდან გამოსვლის გზებს და ნდობის აღდგენის საკითხებს განიხილავენ.

ფორუმის ერთი დღე მიეძღვნება ექსტრემიზმის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებს, რა დროსაც სიტყვით გამოვლენ საფრანგეთის პრეზიდენტი, იორდანიის მეფე, ერაყის პრემიერი და აშშ-ის სახელმწიფო მდივანი. დავოსის ეკონომიკურ ფორუმში მონაწილეობას მიიღებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი. საქართველოს დელეგაციაში ასევე შედიან, ვიცე-პრემიერი, ეკონომიკის მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი.

მსოფლიოს ეკონომიკური ფორუმი (WEF) საერთაშორისო არაკომერციული ორგანიზაციაა, რომელიც 1971 წელს, შვეიცარიელმა პროფესორმა კლაუს შვაბმა დააარსა. დღეისათვის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ათასამდე მსხვილ კომპანიასა და ორგანიზაციას აერთიანებს. მონაწილეები ყოველწლიურად იკრიბებიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური და ეკონომიკური პრობლემების განსახილველად.