პორტუგალია ევროკავშირში ყველაზე ბევრ ველოსიპედს აწარმოებს

პორტუგალია ევროკავშირში ველოსიპედების ყველაზე მსხვილი მწარმოებელი ქვეყანაა. ამის შესახებ BBC ევროკავშირის სტატისტიკის სამსახურის, Eurostat-ის გასული წლის მონაცემბზე დაყრდნობით იუწყება.

„ქვეყნის ფარგლებს გარეთ ბევრმა ადამიანმა შეიძლება, არ იცოდეს, რომ გასულ წელს პორტუგალიაში 2,6 მილიონზე მეტი ველოსიპედი დამზადდა,“ - იუწყება ტელეკომპანია.

ეს ევროკავშირში წარმოებული მთლიანი 12,2 მილიონი ველოსიპედის მეხუთედზე მეტია. მეორე ადგილზე არის იტალია 2,1 მილიონი ველოსიპედით, მესამეზე კი - გერმანია, სადაც 1,3 მილიონი ველოსიპედი დაამზადეს. საშუალოდ, 1,1 მლიონი ველოსიპედი აწარმოეს პოლონეთში, ხოლო ტოპ-5-ეულის მეხუთე ადგილზე ბულგარეთია ნახევარ მილიონამდე ველოსიპედით, რომელიც, სხვათაშორის, საფანგეთს, ჩეხეთს, ავსტრიასა და ნიდერლანდებს უსწრებს. ამ ქვეყნებში, საშუალოდ, 300-400 ათასი ველოსიპედი დამზადდა.

BBC-ის ცნობით, პორტუგალია ველოსიპედის ცნობილი ბრენდებით არ გამოირჩევა. სამაგიეროდ, ის პროდუქციას, ძირითადად, უცხოური კომპანიებისთვის აწარმოებს. მაგალითად, პორტუგალიის ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელი, RTE ველოსიპედებს ფრანგულ გიგანტ Decathlon-ისთვის ამზადებს. კიდევ ერთი მსხვილი კომპანია, FJ Bikes Europe ტაივანის Fritz Jou Manufacturing-ს ეკუთვნის.

ველოინდუსტრია ერთი პატარა ქალაქის, აგუედას გარშემო არის კონცენტრირებული, რომელიც ცენტრალურ პორტუგალიაში, პორტოს სამხრეთით, დაახლოებით 75 კმ-ის (47 მილის) მოშორებით მდებარეობს. სრული ველოსიპედების წარმოების გარდა, არსებობს ფირმები, რომლებიც ველოსიპედის ნაწილებს ან აქსესუარებს ამზადებენ. მაგალითად, კომპანია Rodi. მთლიანობაში, ქალაქ აგუედასა და მის გარშემო 60-ზე მეტი ქარხანა მუშაობს და სექტორში, თითქმის, 8000 ადამიანი არის დასაქმებული.

კომპანია Miranda ველოსიპედის მექანიზმებისთვის, მათ შორის ელექტრო ველოსიპედებისთვის გადამცემ კომპლექტებს აწარმოებს. 1940 წელს, დაარსების შემდეგ კომპანიამ შემოსავლების საუკეთესო მაჩვენებელი წელს პირველად დააფიქსირა, რამაც 27 მლნ ევრო (30 მლნ დოლარი) შეადგინა.

BBC-ის ცნობით, პორტუგალიის ველოსიპედის ინდუსტრია ცნობილია თავისი ხარისხით და სარგებლობს იმით, რომ ევროპელ მომხმარებლებს, აზიელ კონკურენტებთან შედარებით, ბევრად უფრო მოკლემანძილიან მიწოდების ქსელს სთავაზობს. ამასთან, პორტუგალიას ევროკავშირში ჩინური ველოსიპედის იმპორტზე დაწესებული ტარიფები მეტად ეხმარება. ეს დამატებითი გადასახადი ან ბაჟი სტანდარტული ველოსიპედებისთვის 48,5%-მდე, ელექტრო ველოსიპედებისთვის კი 79,3%-მდე არის განსაზღვრული.

პორტუგალიური ველოსიპედის სექტორის სავაჭრო ორგანოს, Portugal Bike Value-ს გენერალური მდივანი, გილ ნადაისი პროგნოზირებს, რომ მიმდინარე წელს ინდუსტრიაში მთლიანი ექსპორტი 20%-დან 30%-მდე გაიზრდება.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ