თამარ გაბუნია -  ყველა მოქალაქე, რომელიც საქართველოში კორონავირუსზე აიცრა, „მწვანე პასპორტის“ ბაზაში უნდა იყოს

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ყველა მოქალაქე, რომელიც საქართველოში კორონავირუსზე აიცრა, „მწვანე პასპორტის“ ბაზაში უნდა იყოს. თუმცა, თუ რამე ტექნიკური ხარვეზის გამო რომელიმე მოქალაქე ბაზაში საკუთარ თავს ვერ პოულობს, ამის შესახებ 1-ელ დეკემბრამდე უნდა აცნობოს ჯანდაცვის სამინიტროს, სადაც შესაბამის დახმარებას გაუწევენ.

„ჩვენ, რა თქმა უნდა გადავამოწმებთ, დავეხმარებით, რომ საკუთარი სტატუსის შესახებ ინფორმაცია მიიღონ ე.წ. მწვანე საშვის სახით.

ბოლო პერიოდის განმავლობაში მოგვმართავენ მოქალაქეები, რომლებიც უცხოეთში არიან აცრილები. ამ მოქალაქეების ნაწილის ბაზაში რეაგისტრაცია მოხდა და ეს იმ შემთხვევაში, თუ მათ ჰქონდათ გამართული დოკუმენტაცია და დამადასტურებელი საბუთი უცხო ქვეყანაში ჩატარებული ვაქცინაციის შესახებ. ამასთან დაკავშირებითაც მომდევნო დღეების განმავლობაში კიდევ დაზუსტდება დეტალები, ინსტრუქცია ჯანდაცვის სამინისტროს „ფეისბუქ“ გვერდზე და ვებგვერდზე გამოქვეყნდება, რათა უცხო ქვეყანაში აცრილი მოქალაქეებისთვის გასაგები იყოს, როგორ უნდა ისარგებლონ მათ უცხო ქვეყანაში მიღებული სტატუსით და სერთიფიკატით“, - აცხადებს გაბუნია.

შეგახსენებთ, რომ ე.წ. მწვანე პასპორტის რეაგულაცია 1-ელი დეკემბრიდან ამოქმედდება. „მწვანე პასპორტში“ შედის ოთხი ინდიკატორი: ორჯერადი აცრა, ინფექციის გადატანა, ბოლო 72 საათში PCR ტესტი, ბოლო 24 საათში ანტიგენის სწრაფი ტესტი.