ჩვენ თუ სწორ რეგულირებას მოვახდენთ, ახალი თაობები მაინც აღარ დაიწყებენ თამაშს - გიორგი კაპანაძე ონლაინ კაზიონების რეგულაციაზე

ჩვენ თუ სწორ რეგულირებას მოვახდენთ ახალი თაობები მაინც აღარ დაიწყებენ თამაშს - ასე აფასებს აფბას ხელმძღვანელი გიორგი კაპანაძე პრემიერის ინიციატივას ონლაინ კაზინოების აკრძალვასთან დაკავშირებით. როგორც კაპანაძემ „პალიტრანიუსის" გადაცემაში "საქმე" განაცხადა, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებები ზედმეტად მკაცრი იყო, თუმცა იდეას, რომ ონლაინ კაზინოების შეზღუდვა მოხდეს, ეთანხმება.

"დაახლოებით 10 წლის განმავლობაში სათამაშო ბიზნესმა ძალიან ბევრი ადამიანი ჩაითრია, მათ შორის, არასრულწლოვნები. რასაკვირველია რეგულაციების დაწესება ამ პრობლემის რეფლექსურად აღმოფხვრას ვერ შეძლებს, ამას დასჭირდება 1-2 წელი მაინც, თუმცა ჩვენ თუ სწორ რეგულირებას მოვახდენთ ახალი თაობები მაინც აღარ დაიწყებენ თამაშს. იმედს ვიტოვებ, რომ ეს მხოლოდ განცხადებად არ დარჩება და პარლამენტში ბარიერები არ შეექმნება.

გამომდინარე აქედან, ის ინიციატივები, რაც პირველ ეტაპზე გაჟღერდა: დაბეგვრის გაზრდა, რეკლამის აკრძალვა, ასაკობრივი ცენზი და მკაცრი კონტროლი - ამ მიმართულებით მთავარი პრობლემაა და ვეთანხმები, უბრალოდ, ვფიქრობ, რომ ამ განცხადებებში ზედმეტი სიმკაცრე იყო“, - განაცხადა „საქმეში“ კაპანაძემ.

კაპანაძე ასაკობრივ ზღვარზეც საუბრობს და მიაჩნია, რომ ცენზი არა 25 წლიდან, არამედ 21 წლიდან უნდა დაწესდეს.

„ამასთან, რეკლამების აკრძალვის მაგივრად, უნდა მოხდეს მაქსიმალური შეზღუდვა. დაბეგვრა კი აუცილებლად გასაზრდელია. წლიდან წლამდე მოთამაშეების რიცხვი სულ უფრო მეტია, აღნიშნული ბიზნესი კი სულ უფრო მაღალი ბრუნვის მაჩვენებელზე გადის. 32-მილიარდიანი ბრუნვის პირობებში მათ გადახდილი აქვთ ბიუჯეტში 300 მილიონი ლარი. სასაცილოა ასეთ თანხებზე საუბარი, რადგან ნებისმიერი სხვა ბიზნეს სექტორი გაცილებით მაღალ გადასახადს იხდის ბიუჯეტში.

შესაბამისად სათამაშო ბიზნესი არის სექტორი, რომელიც დამატებით ღირებულებას ყველაზე მცირე რაოდენობით ქმნის ეკონომიკაში და იქ მოგებული თანხები პირდაპირ მიედინება ადამიანთა ჯიბეებში,"- ამბობს გიორგი კაპანაძე.

ქრისტინე კაპანაძე