თბილისი-გაჩიანი-რუსთავის გზის რეაბილიტაცია ხორციელდება

თბილისი-გაჩიანი-რუსთავის საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ვაჟა ფანჩულიძემ დაათვალიერა.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, რეაბილიტაცია გზის 3.5 კილომეტრიან მონაკვეთს უტარდება. სამუშაოების ფარგლებში მიმდინარეობს 2 ფენიანი ასფალტბეტონის საფარის დაგება. ასევე ხორციელდება სახიდე გადასასვლელის, კიუვეტების, ტროტუარების, მიერთებების, ეზოებში შესასვლელებისა და საგზაო ნიშნების მოწყობა.

აღნიშული მონაკვეთი მდინარე ლოჭინის ხიდიდან იწყება და სოფელ ყარაჯალის ტერიტორიას გაივლის. თბილისი (ველი)-გაჩიანი-რუსთავის გზა 20 წელზე მეტია არ შეკეთებულა. პროექტის განხორციელების შედეგად აღნიშნულ მონაკვეთზე მოძრაობა უსაფრთხო და კომფორტული გახდება, ასევე შემცირდება გადაადგილების ხარჯები. სამუშაოები გასული წლის სექტემბერში დაიწყო და 2015 წლის აპრილში დასრულდება. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 2 090 000 ლარით ფინანსდება.