შვედური მედია: საქართველოში სიღარიბის დაძლევისთვის გამოყოფილი მილიონობით კრონი სატელევიზიო თოქ-შოუების მომზადებაზე გაიფლანგა

შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ (SIDA) სიღარიბის წინააღმდეგ საბრძოლველად და დემოკრატიის განვითარების მიზნით გამოყოფილი მილიონობით შვედური კრონი საქართველოში სატელევიზიო პოლიტიკურ თოქ-შოუებზე, ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანების თემაზე რადიო და ტელეგადაცემების მომზადებაზე გაიფლანგა.

ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია შვედურ გამოცემა Aftonbladet-ზე დაყრდნობით ავრცელებს. რუსული მედიის ცნობით, 95 მილიონი შვედური კრონი, რომელიც დახმარების გაწევისთვის გამოიყო, საქართველოში მომუშავე ამერიკული ორგანიზაციების განკარგულებაში აღმოჩნდა. "Sida-ს თანხები ასევე იხარჯებოდა ამერიკული ორგანიზაციების ხელმძღვანელთა ხელფასებზე, მათ სამივლინებო ანაზღაურებასა და ვაშინგტონში ავიარეისებზე" - ციტირებს რუსული მედია Aftonbladet-ის ინფორმაციას.

შვედური გამოცემის თანახმად, 2007 წლიდან Sida-ს თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება აქვს სამ ამერიკულ ორგანიზაციასთან, რომლებიც საქართველოში სხვადასხვა პროექტებს აფინანსებენ. როგორც შვედურ გამოცემაშია აღნიშნული, ისეთმა ორგანიზაციებმა, როგორიც "ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტი" (NDI), "ევრაზიის ფონდი" (EF) და მისი შვილობითი Eurasia Partnership Foundation არიან, დღეისათვის "სიდა"-სგან, საერთო ჯამში, 95 მილიონი კრონი მიიღეს.

რუსული მედიის ინფორმაციით, შვედური გამოცემა თანხების გაფლანგვის ერთ-ერთ მაგალითად NDI-ის ერთ-ერთი კვლევის მაგალითი მოჰყავს, როდესაც 2012 წლის საქართველოს საპარლამენტო არჩენებისა და 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს ორგანიზაციამ საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ჩაატარა. გამოკითხვის შედეგების თანახმად, საქართველოს მაშინდელ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს ძლიერი მხარდაჭერა ჰქონდა. არჩევნების შედეგად კი გაირკვა, რომ რეალურად მიხეილ სააკაშვილს მხარდამჭერთა პროცენტი იმის ნახევარი იყო, რაც გამოკითხვამ აჩვენა.

"როგორც Aftonbladet-ი წერს, 2011-2013 წლების პერიოდში Sida-ს თანხები ასევე იხარჯებოდა საქართველოს სახელმწიფო ტელევიზიაში 49 სატელევიზიო პროგრამის მომზადებაზე, თუ რატომ უნდა გახდეს საქართველო ევროკავშირის წევრი", - ციტირებს რუსული მედია შვედური გამოცემის ინფორმაციას. რუსული მედია ასევე წერს, რომ შვედური გაზეთისთვის ამ საკითხზე კომენტარის მიცემისას საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელმა, რომლის ვინაობაც არ სახელდება, განაცხადა, რომ რაღაც გაუგებრობაა. "თქვენ ალბათ, რაღაც ვერ გაიგეთ. დარწმუნებული ხართ, რომ თანხებს საქართველოს სახელმწიფო ტელევიზია იღებდა? ეს ჩვენს კანონებს ეწინააღმდეგება", - განუცხადა შვედურ გამოცემას საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელმა.

რუსული მედიის ცნობით, შვედური გაზეთის ჟურნალისტების მიერ ჩატარებული ანალიზის კომენტირებისას, Sida-ს ერთ-ერთი განყოფილების ხელმძღვანელმა ლენა ინგელსტამმა აღნიშნა, რომ Sida-ს მიერ გაწეული დახმარება ერთობ აქტუალურად შეფასდა. შვედეთის ხელისუფლებაში კი განაცხადეს, რომ Sida-ს ხელმძღვანელობასთან შეხვედრას და ამ თემის განხილვას აპირებენ. ამასთან, 2014 წლის სექტემბერში ამავე შვედურმა გამოცემამ მიხეილ სააკაშვილთან შვედეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის კარლ ბილდტის ახლო კავშირების შესახებ სტატია გამოაქვეყნა. "აფტონბლადეტთან" ინტერვიუში საქართველოში შვედეთის ყოფილი ელჩი ჰანს გუნარ ადენი ადასტურებდა, რომ საქართველოდან მოულოდნელად, მას შემდეგ გაიწვიეს, რაც ანგარიშში დაწერა, რომ საქართველოს 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით ეჭვები არსებობდა. ამავე გაზეთმა ასევე გამოაქვეყნა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ კარლ ბილდტმა და ლობისტურმა კომპანიამ "კრეაბი", რომელსაც მანამდე კარლ ბილდტი ხელმძღვანელობდა, დიდძალი თანხები მიიღეს საქართველოს ყოფილი ხელისუფლებისგან.