ბრიტანეთში მოზარდებისთვის კოსმეტიკური პროცედურების რეკლამირება აიკრძალა

ინგლისში 18 წლამდე აუდიტორიისთვის სილამაზის სერვისების რეკლამის ჩვენება აიკრძალა. ინფორმაციას The Drum ავრცელებს. გადაწყვეტილება სარეკლამო პრაქტიკისა (CAP) და სამაუწყებლო სარეკლამო პრაქტიკის (BCAP) კომიტეტებმა მიიღეს.

კომიტეტებმა დაადგინეს, რომ სილამაზის სერვისების რეკლამირება 18 წლამდე აუდიტორიას ფსიქიკურ ჯანმრთელობასა და სხეულის აღქმაზე პოტენციურ ზიანს აყენებს. ახალი წესების მიხედვით, არასრულწლოვნებისთვის განკუთვნილ რადიო და სატელევიზიო გადაცემებში კოსმეტოლოგიის რეკლამა აღარ განთავსდება. ამასთან, აკრძალვა იმ ბეჭდურ და ონლაინ გამოცემებზეც გავრცელდება, რომლის აუდიტორიის 25%-ზე მეტს 18 წლამდე ასაკის პირები შეადგენენ.

„ჩვენ ვალდებული ვართ, მაღალი მარკეტინგული ზღვარი იმ რისკების გამო დავაწესოთ, რასაც კოსმეტიკური ინტერვენცია და ამ სერვისების პოტენციური მიმზიდველობა მყიფე თვითშეფასების მქონე ახალგაზრდებისთვის შეიცავს,“ - აცხადებს CAP-ის დირექტორი, შაჰრიარ კუპალი.

ბრიტანეთის სარეკლამო სტანდარტების ასოციაციამ (ASA) დაადასტურა, რომ ასეთი ზომები მოზარდებს დაიცავს და სილამაზის სექტორში „სტანდარტებს ჰარმონიზაციას გაუწევს.“ კანონპროექტის განხილვა მას შემდეგ დაიწყო, რაც პოპულარული სატელევიზიო შოუს, Love Islands-ის მონაწილეები არასერტიფიცირებული სილამაზის კლინიკების რეკლამებში გამოჩნდნენ.

მანამდე ინგლისში ცხიმის, მარილისა და შაქრის მაღალიშემცველობის საკვების სატელევიზიო და ციფრული რეკლამირება დღის საათებში აიკრძალა. ექსპერტების აზრით, ბრიტანული მაუწყებლები ამ აკრძალვებით წელიწადში 280 მლნ დოლარზე მეტს დაკარგავენ.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ