დავით მესხიშვილი ავტოსკოლების საქმიანობის გადახედვას კიდევ ერთხელ ითხოვს - „დღეს სახელმწიფოსთვის ამ საკითხის მოგვარება არაპრიორიტეტულია“

"ცვლილება, რომელიც შემოდის საგზაო წესების კანონში, კარგია, თუმცა არასრულფასოვანი,"- ამის შესახებ "ბიზნესპრესნიუსთან" საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის ხელმძღვანელმა დავით მესხიშვილმა განაცხადა.

მესხიშვილის თქმით, ახალი კანონით გათვალისწინებული ევროდირექტივების შესრულება მხოლოდ ფორმალური სახის არ უნდა იყოს და მას შინაარსიც უნდა ჰქონდეს, რადგან თუ მკაცრდება საგზაო უსაფრთხოების სტანდარტები და რთულდება მართვის მოწმობის აღება, მაშინ გადასახედია ავტოსკოლების საქმიანობაც.

"დღეს საქართველოში ძალიან ბევრი თვითმარქვიაა, ვინც ხსნის ავტოსკოლას ისე რომ, შესაბამისი კვალიფიკაცია არ აქვს. ყველას არ ეხება, თუმცა არსებობენ ე.წ ავტოსკოლები, რომლებიც ხრიკების და კოდირების გზით ამზადებენ საგამოცდოდ. ეს იმას ნიშნავს, რომ სრულიად უცხო ენაზეც რომ იყოს საგამოცდო ტექსტი, კოდირების მეთოდით თქვენ მაინც შეძლებთ ჩაბარებას. ამ დროს ხდება თეორიული საგამოცდო პროგრამის მოტყუება, რაც სრულიად დაუშვებელია. ყველაზე ცუდი კი ისაა, რომ ნებისმიერს შეუძლია გახსნას ავტოსკოლა. მოუწესიგებელი სისტემის შედეგად ვიღებთ იმას, რომ გამოუცდელი ადამიანები ამზადებენ პოტენციურ მკვლელებს.

სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ ავტოსკოლები ევროკავშირის სტანდარტებს ექვემდებარებოდეს, რაც გულისხმობს შესაბამის აღჭურვილობას, თეორიულ კურსს, პრაქტიკულ ნაწილს, წარმოიდგინეთ, ჩვენთან ავტოსკოლებს ერთიანი სასწავლო პროგრამაც არ აქვთ, საგზაო მოძრაობის კანონი კი არის ერთი. ამ დროს ყველა იმას ასწავლის, რაც თვითონ გონიათ სწორი“, - აღნიშნა მესხიშვილმა.

პრობლემას მესხიშვილი მთავრობის მხრიდან გულგრილობაში ხედავს.

„დღეს ავტოსკოლების მდგომარეობის განხილვა არ მიმდინარეობს, რადგან სახელმწიფოსთვის ამ საკითხის მოგვარება არაპრიორიტეტულია. საქართველოს გზებზე 500 დაღუპული და 1000 ზე მეტი დასახიჩრებულია ყოველწლიურად.

შსს - მ, განათლების სამინისტრომ, პრემიერ-მინისტრმა უნდა შეცვალონ აღნიშნული მდგომარეობა კონკრეტული გეგმებით და ის ქვეყნები, რომლებიც ჩვენთვის მისაბაძია: ლიეტუვა, ლატვია, გერმანია და ა.შ. მათ ამ ნაწილში უნდა დავემსგავსოთ. ამ ქვეყნებში სწავლა იწყება ბაღის ასაკიდან, შემდეგ გრძელდება სკოლაში, სკოლიდან უნივერსიტეტში და როდესაც სტატუსის მაძიებლები ხდებიან, ჯერ ავტოსკოლაში აბარებენ სრულად გამოცდას და მხოლოდ შემდეგ გადიან მართვის მოწმობის გამოცდაზე,"- ამბობს დავით მესხიშვილი.

ქრისტინე კაპანაძე