„უმოკლეს პერიოდში დავიწყებთ პორტფელის გლობალურ დივერსიფიცირებას“ - საპენსიო სააგენტო

,,კანონით ჩვენ შეგვიძლია, რომ პორტფელის 20%-მდე უცხოურ ფასიან ქაღალდებში განვათავსოთ. ამ ლიმიტის ათვისებას უმოკლეს პერიოდში შევეცდებით“, - ამის შესახებ საპენსიო სააგენტოს უფროსმა საინვესტიციო ოფიცერმა, გოგა მელიქიძემ განაცხადა.

დღეს საპენსიო ფონდსა და ბიზნეს ასოციაციას შორის შეხვედრა გაიმართა, რომელიც ქართულ კომპანიებში საპენსიო ფონდის აქტივების დაბანდების შესაძლებლობას ეხებოდა.

გოგა მელიქიძის თქმით, ქართულ კომპანიებში ინვესტირებასთან ერთად მოხდება გლობალურ ბაზარზე ფასიანი ქაღალდების შეძენაც.

„რაც შეეხება გლობალურ ინვესტიციას და გლობალურ ინვესტირებას, ამასაც უმოკლეს პერიოდში დავიწყებთ და პორტფელის გლობალურ დივერსიფიცირებას მოვახდენთ. ეს ნიშნავს იმას, რომ გლობალურ ფასიან ქაღალდებს შევიძენთ. კანონით, პორტფელის 20%-მდე უცხოურ ფასიან ქაღალდებში უნდა განვათავსოთ. ამ ლიმიტის ათვისებას უმოკლეს პერიოდში შევეცდებით“ , - განაცხადა გოგა მელიქიძემ.

მისივე თქმით, ინტენსიურად განიხილება პირველად ბაზარზე კაპიტალიზაციის ყველა ინსტრუმენტი.

,,ჩვენ თავიდანვე ვამბობდით, რომ გავაქტიურდებოდით კერძო სექტორთან მიმართებით და ეს არის პირველი ნაბიჯი. საკმაოდ კარგი ფორმატია, რადგან ბიზნეს ასოციაციაში ბევრი ქართული კომპანია შედის. ამ ეტაპზე ბანკებში ვართ მთლიანად ინვესტირებული, თუმცა ძალიან ინტენსიურად განვიხილავთ სხვა, მათ შორის, კაპიტალიზაციის ინსტრუმენტებს და პირველად ბაზარს. სწორედ ამის იმედი გვაქვს მეტწილად, რადგან მეორად ბაზარზე ლიკვიდურობა ძალიან დაბალია. ყველა ემისიას შევხედავთ და ყველა ბაზარზე გამოსულ კაპიტალის ბაზრის ინსტრუმენტს განვიხილავთ“, - განაცხადა მელიქიძემ.

თამარ მუკბანიანი