იპოთეკური სესხით დაზარალებულთა რაოდენობამ 2 000-ს გადააჭარბა

”ბანკებმა იპოთეკური სესხის გაცემის გამკაცრებით მევახშეებს მწვანე შუქი აუნთეს”

მას შემდეგ, რაც საბანკო სექტორმა იპოთეკური სესხების გაცემის პირობები გაამკაცრეს, მსესხებლების დიდმა ნაწილმა კერძო იპოთეკარებს მიმართა. თანხის მისაღებად ისინი მზად არიან იმ კაბალურ პირობებს დათანხმდნენ, რასაც მევახშეები სთავაზობენ. ხშირად სესხის დაფარვას ვერ ახერხებენ და სახლთან ერთად პროცენტებში გადახდილ თანხასაც კარგავენ. სამწუხაროდ, არაერთი შემთხვევა გვახსოვს, როცა იძულებით გამოსახლებას ადამიანის სიცოცხლეც შეეწირა. წინასაახალწლოდ შეჩერებული გამოსახლებები კვლავ განახლდა. ზუსტი სტატისტიკა იპოთეკით დაზარალებულთა შესახებ არ არსებობს. სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ წარმოებული მონაცემები კი არასრულია.

წინასაარჩევნო დაპირება, რომ მოხდებოდა იპოთეკით დაზარალებული პირების იძულებით გამოსახლების შეჩერება და კრედიტორებისთვის გრძელვადიანი, დაბალი საპროცენტო სესხის გაცემა - დაპირებად დარჩა. პარლამენტმა გამოსახლებების შესახებ საკანონმდებლო ინიციატივას მხარი არ დაუჭირა, ხისტი პოზიცია დააფიქსირა საბანკო სექტორმაც. რა მდგომარეობაა ამჟამად იპოთეკურ სესხებზე, რატომ მიმართავენ მომხმარებლები კერძო იპოთეკარებს და რა განსხვავებაა ბანკის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების და მევახშეების პირობებს შორის - ამის გარკვევას bpn.ge შეეცადა.

საბანკო სექტორი მსესხებლის საკრედიტო ისტორიით, შემოსავლებით ინტერესდება. მსგავსი ვითარებაა მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში, თუმცა, აქ საკრედიტო შემოსავლების გადამოწმება აუცილებელ პირობას არ წარმოადგენს. იპოთეკური სესხის ყოველთვიური საპროცენტო განაკვეთი 1,5% -2%- ის ფარგლებში მერყეობს. რაც შეეხება კერძო იპოთეკარებს, ისინი იპოთეკურ სესხს თვიურ 3%-3,5%-ში გასცემენ. სესხის გასაცემად საკმარისია ბინის მესაკუთრეობის დამადასტურებელი დოკუმენტი. ბანკისგან განსხვავებით, სახლის იპოთეკით დატვრითვა მისი ღირებულების მესამედ ფასში ხდება. ერთი სიტყვით, გაჭირვებული ადამიანი იძულებულია მევახშის მიერ შეთავაზებულ კაბალურ პირობებს დათანხმდეს, რაც ხშირად ერთადერთი საცხოვრებლის დაკარგვით სრულდება.

მოიმატა თუ არა კერძო მევახშეებთან მომართვიანობამ? – ამ კითხვით უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვის ოფისებს მივმართეთ, რომელთა უმრავლესობა კერძო იპოთეკურ საქმიანობას ეწევა. „ვერ ვიტყვი, რომ ძალიან მოიმატა, თუმცა, არც ნაკლებობაა. დღეს დანაზოგი იშვიათად აქვს ვინმეს, ამიტომ მოულოდნელი გაჭირვების დროს ზოგი იძულებულია სახლი იპოთეკით დატვირთოს. ზოგს ბიზნესის წამოწყება უნდა და ბინას იპოთეკით ამიტომ ტვირთავს. ზოგი ბანკის შავ სიაშია მოხვედრილი და სესხს აღარ აძლევენ. თანაც ბანკში ბევრ საბუთს ითხოვენ. ჩვენთან მოდიან, რადგან სესხის გასაცემად საკმარისია ბინის მესაკუთრეობის ცნობა მოიტანონ. სხვა არ გვაინტერესებს“, - გვითხრეს ერთ-ერთ ასეთ დაწესებულებაში.

სამწუხაროდ, კერძო მევახშეს თვითნებობა კანონით შეზღუდული არ არის. გამოსახლების პროცესი სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე, პოლიციის ჩარევით მიმდინარეობს. დაზარალებულს კონსტიტუციით მინიჭებული უფლება სამართლიანი სასამართლოთი ისარგებლოს, არ აქვს. ამასთან დაკავშირებით, არასამთავრობო ორგანიზაციამ „თანადგომა და სამართლიანობა“ საკანონმდებლო ინიციატივა შეიმუშავა, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე გამოსახლებას ითვალისწინებს. კანონპროექტმა სამი საკომიტეტო მოსმენა უკვე გაიარა და მოწონებაც დაიმსახურა. პარლამენტის პირველივე სასესიო კვირას კანონპროექტის განხილვა იგეგმება. ინიციატორები იმედოვნებენ, რომ პარლამენტი ამ კანონს დაამტკიცებს.

არასამთავრობო ორგანიზაციის „თანადგომა და სამართლიანობას“ დირექტორი, ნანა ქადაგიშვილი, bpn.ge-თან საუბარში ამბობს, რომ მათი ორგანიზაციის მიერ ჩატარებული სტატისტიკის თანახმად, საქართველოში იპოთეური სესხით დაზარალებულთა რაოდენობამ 2 000-ს გადააჭარბა. ცხადია, ეს არასრული სტატისტიკაა. სავარაუდოდ, ეს რიცხვი გაცილებით მაღალია - „მართალია, ბანკებმა გაამკაცრეს სესხის გაცემის პირობები, მაგრამ პროცენტები უფრო დაბალია, თუმცა, ხალხი მაინც მევახშეებთან მიდის, რადგან ისინი ყოველგვარი გადამოწმების გარეშე იძლევიან სესხს. 2006-2007 წლებში მაშინდელმა ხელისუფლებამ კანონმდებლობაში ბევრი არასასურველი რეგულაცია შეიტანა, რაც სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებებშია გათვალისწინებული. გამსესხებელს ბევრად მეტი უფლებები აქვს, ვიდრე მოვალეს. შესაბამისად, მათი დაცვის მექანიზმებიც ძალიან მცირეა. გამოსახლება სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე მიმდინარეობს. ამიტომ, გამოვედით ინიციატივით, რომ გამოსახლება სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე მოხდეს. მხარეს საშუალება ექნება სასამართლოში იდავოს, დაიბრუნოს ან გამოისყიდოს საკუთარი სახლი. ასევე, ვითხოვთ, რომ ამ მდგოამრეობის გამოსასწორებლად დაზარალებულებზე გრძელვადიანი, დაბაპროცენტიანი სესხები გასცენ, რომ ეს თემა საბოლოოდ დაიხუროს,“ – ამბობს ნანა ქადაგიშვილი.

Bpn.ge კერძო იპოთეკით დაზარალებულებსაც ესაუბრა...

მირანდა ლაღიძე, დაზარალებული: „კერძო იპოთეკით დავტვირთე ქარელის რაიონ სოფელ ბრეთში არსებული დედის სახლი. სახლის ღირებულება 30 000 დოლარია, თუმცა, მევახშემ მხოლოდ 10 000 დოლარი მომცა. 2012 წლამდე პროცენტს ყოველთვე ვიხდიდი. თუმცა, მევახშემ ჩუმად გაყიდა სახლი და ექვსი თვე 3 000 დოლარი ტყუილად გადავიხადე, ის ფული დავკარგე. სიმართლე მაშინ გავიგეთ, როცა მეორე იპოთეკარმა სახლის დაცლა მოგვთხოვა. უბედურება ისაა, რომ სახლის 200 კვადრატული ჩავდეთ იპოთეკაში, გამოსახლება კი 600 კვადრატულიდან მოხდა, რაც უსამართლობაა. პროკურატურას მივმართე, საქმე სისხლის სამართლის დანაშაულზე აღძრეს.“

მადლენ ქარდავამ ბინა გასული წლის დეკემბერში დაკარგა. პირველი რესპოდენტის მსგავსად, ბინა კერძო იპოთეკით დატვირთა. თანხა მამის ოპერაციისთვის დასჭირდა. შემდეგ პროცენტის თანხა ვერ გადაიხა და- „თავიდან პირნათლად ვიხდიდი, მერე ვეღარ გავწვდი. პროცენტები დამიგროვდა. ბინა ძალიან იაფად გამიყიდა. ვეხვეწებოდი ბინა ერთად გავყიდოთ-მეთქი, მაგრამ უარი მითხრა, ჩემი სახლი კი დედამისმა შეიძინა.“

ნანი შარაშიძე, ორგანიზაცია „უფლებები ყველასთვის“ წარმომადგენელი:„თავად მაქვს იპოთეკური სესხი, ერთ-ერთ ბანკში ორი სახლი ჩავდე. რა თქმა უნდა, მაღალი შეფასება მისცეს, მაგრამ ნაკლები თანხა ჩაწერეს. ახლა შედარებით ლოიალურები არიან და სახლის გაყიდვის უფლება მომცეს, რომ სესხი დავფარო. უარესს აკეთებენ მევახშეები, თქვენ არ იცით როგორ ამცირებენ ხალხს, როგორ თაღლითობენ და აწამებენ. საშინელება ხდება. ბათუმში მთავრობის სახლთან იპოთეკით დაზარალებულები კვლავ გავმართავთ აქციას, რომ ხელისუფლებას ჩვენი არსებობა არ დაავიწყდეს.“

გიორგი კეპულაძე, ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკების“ თავმჯდომარე: - ბანკებმა სესხის გაცემის პირობები კიდევ უფრო გაამკაცრეს. კერძო იპოთეკარებთან ისინი მიდიან, ვისაც ბანკი ან მიკროსაფინანსო ორგანიზაცია სესხს არ აძლევს და ისინი, ვინც საკუთარ შემოსავალებს ვერ ადასტურებს. ამიტომ, მზად არიან დათანხმდნენ იმ კაბალურ პირობებს, რასაც მევახშეები სთავაზობენ, ვიდრე სესხის გარეშე დარჩეს. სესხზე მოთხოვნა ძალიან მაღალია. ადამიანებს ფული სჭირდებათ. სესხს კერძო იპოთეკარები თვიურ 3,5%-ზე მეტად ვერ გასცემენ, ეს კანონმდებლობითაა დარეგულირებული, რაც წლიურად 36% გამოდის.

- შესაძლებელია ამ სეგმენტის გაკონტროლება?

-  ძალიან დახურული სეგმენტია. შესაბამისად, გაკონტროლება ძალიან რთული იქნება. როცა ბანკებში კრიზისი შეიქმნა, ონლაინორგანიზაციები გაჩდნენ, რომლებიც სესხს საკრედიტო წარსულის შემოწმების გარეშე გასცემენ. ბაზარს თუ შევზღუდავთ, მაშინ სხვა ხერხებს მოძებნიან, რაც კიდევ უფრო ცუდი შეიძლება აღმოჩნდეს. მთავარია ადამიანებმა გაითვალისწინონ, რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს სახლის იპოთეკით დატვირთვას. ვურჩევთ, რომ კარგად დაფიქრდნენ გადაწყვეტილების მიღებამდე და ყურადღებით წაიკითხონ ხელშეკრულება.

სალომე გოგოხია