ევროკავშირმა წელს რეკორდული რაოდენობის პირთა დეპორტაცია განახორციელა

ევროკავშირის სასაზღვრო სააგენტო Frontex-მა წლის პირველ ნახევარში რეკორდული რაოდენობის უცხოელების დეპორტაცია განახორციელა. ამის შესახებ ევროკავშირის საბჭოსთვის წარდგენილ არასაჯარო ანგარიშში წერია, რასაც The Guardian ავრცელებს.

სასაზღვრო სააგენტოს მონაცემებით, მიმდინარე წლის პირველ ექვს თვეში დეპორტირებულია 8 239 პირი, რომლებიც ევროკავშირის მოქალაქეები არ იყვნენ. ეს რეკორდული მაჩვენებელია და 9%-ით მეტია 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ვიდრე პანდემია მსოფლიო მოგზაურობების პარალიზებას გამოიწვევდა.

„მართალია, ევროკავშირის წევრი ქვეყნები დეპორტაციებს თავადაც ახორციელებენ, თუმცა Frontex-ის ოპერაციების ზრდა აჩვენებს, რომ ისინი ევროკავშირის სააგენტოს მიგრაციის მართვაში დახმარებისთვის ხშირად მიმართავენ,“ - წერს The Guardian.

სამოქალაქო თავისუფლების საკითხებში არასამთავრობო ორგანიზაცია Statewatch აცხადებს, რომ სასაზღვრო სააგენტო Frontex იძულებითი დაბრუნებით ხალხს საკუთარ ქვეყნებში რეპრესიებისა და ომის საფრთხეების წინაშე აყენებს. ამის საპასუხოდ Frontex-ში ამბობენ, რომ დაბრუნების გადაწყვეტილებას ყოველთვის ევროკავშირის წევრი ქვეყნები კანონის შესაბამისად იღებენ.

ადამიანები, რომლებსაც თავშესაფარზე უარი ეთქვათ, დაბრუნებაზე მთავრობის მოთხოვნის მიუხედავად, დეპორტაციას ყოველთვის არ ექვემდებარებიან. მაგალითად, 2019 წელს ევროკავშირის დატოვება 491 200 ადამიანს მოთხოვეს, თუმცა აქედან თავის ქვეყანაში მხოლოდ 29% დაბრუნდა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ