4 ცვლილება, რომელიც ქვეყანაში დღეიდან ამოქმედდა

დღეიდან, 1-ლი დეკემბრიდან საქართველოში რამდენიმე ცვლილება ამოქმედდა.

უფრო კონკრეტულად:

დღეიდან „მწვანე ბარათის“ სისტემა ამოქმედდა

დღეიდან ქვეყანაში ე.წ. მწვანე ბარათის სისტემა ამოქმედდა. შედეგად, მომხმარებელს მხოლოდ „მწვანე სტატუსის“ ქონის შემთხვევაში შეეძლება ესტუმროს შემდეგ ობიექტებს: სასტუმროები და განთავსების სხვა ობიექტები/ კვების ობიექტები (რესტორნების, კაფეების, ბარების ღია და დახურული სივრცეები-მათ შორის სავაჭრო ცენტრებში არსებული) /კინოთეატრები/თეატრები/საკონცერტო დარბაზები/ოპერა/ გასართობი ობიექტები/სამორინეები და სათამაშიო დარბაზები/სპა ცენტრები და ფიტნეს დარბაზები /სამთო კურორტების საბაგიროები. სავაჭრო ცენტრებში შესვლას „მწვანე პასპორტის“ გარეშე შეძლებენ, თუმცა, მოლში არსებულ კვების და გასართობ დაწესებულებებში შესვლისთვის „მწვანე პასპორტი“ აუცილებელია. ასევე, მწვანე სტატუსის ქონა არ არის სავალდებულო 18 წლამდე პირთათვის. „მწვანე სტატუსის" მქონე პირია: სრულად ვაქცინირებული; 72- საათიანი ვალიდურობის ნეგატიური პასუხის PCR ტესტის მქონე; 24- საათიანი ვალიდურობის ნეგატიური პასუხის ანტიგენ-სწრაფი ტესტის მქონე; კოვიდ გადატანილი.

რესტორნებს სამუშაო საათებზე შეზღუდვა მოეხსნათ

რესტორნებს, რომელთაც დღეიდან სტუმრების მიღება შეუძლიათ მხოლოდ „მწვანე პასპორტებით“, მოეხსნათ საათობრივი შეზღუდვა მუშაობაზე. შეგახსენებთ, რომ აქამდე რესტორნებს მუშაობის უფლება 23:00 საათამდე ჰქონდათ.

იზრდება მაყურებელთა რაოდენობა კინოთეატრებსა და თეატრებში

დღეიდან, 1-ლი დეკემბრიდან, მას შემდეგ რაც ქვეყანაში ამოქმედდა კოვიდ-პასპორტები, კინოთეატრებში, თეატრებსა და ოპერაში მაყურებელთა რაოდენობა 30-დან 50%-მდე გაიზარდა.

გაზზე მომუშავე მოწყობილობებისთვის ახალი ვალდებულება ამოქმედდა

ბუნებრივ აირზე მომუშავე მოწყობილობებისთვის 1-ლი დეკემბრიდან ახალი ვალდებულება ამოქმედდა. საუბარია, აირად საწვავზე მომუშავე მოწყობილობების შესახებ ტექნიკურ რეგლამენტზე, რომელიც მიმდინარე წლის 1-ლი ივლისიდან უნდა ამოქმედებულიყო. შემდეგ რეგლამენტის ამოქმედება 1-ელ სექტემბრამდე გადავადდა, ახლა კი მისი ამოქმედება დღეიდან მოხდება. შესაბამისად, იმ ბიზნესსუბიექტებს, რომლებიც გაზზე მომუშავე მოწყობილობების რეალიზაციას ახორციელებენ, მოუწევთ ისეთი ტექნიკა, როგორიცაა გაზის გამათბობლები, წყლის გამაცხელებლები, აღნიშნულ რეგლამენტთან შესაბამისობაში მოიყვანონ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ამ ტიპის მოწყობილობების რეალიზაცია ვეღარ განხორციელდება.

თაია არდოტელი