„მშობლების უმრავლესობა გვეუბნება, რომ „მწვანე პასპორტი“ არ აქვთ და ცენტრში 2-3 წლის შვილს 2 საათით მარტო ვერ დატოვებს“

იმედია რაღაც ცვლილება მოხდება ამ რეგულაციაში ისე, რომ სექტორი არ დაზარალდეს - ამის შესახებ "ბიზნესპრესნიუსთან" გასართობი ცენტრების ასოციაციის ხელმძღვანელმა გიორგი მთიულიშვილმა განაცხადა. ამით მთიულიშვილი იმ რეგულაციას გამოეხმაურა, რომლის მიხედვით 1-ლი დეკემბრიდან გასართობ ცენტრებსა და სხვა დაწესებულებებში „მწვანე პასპორტის“ გარეშე შესვლა იკრძალება.

მისი თქმით, სექტორი ჩამოშლის პირზეა, ხოლო "მწვანე ბარათების" რეგულაცია პრობლემას კიდევ უფრო გაამწვავებს.

"დაბნეულები ვართ. ძალიან დაძაბულ გარემოში მოგვიწევს მუშაობა 1 - ლი დეკემბრიდან და არ ვიცით, რა იქნება, არასწორ დროსაა შერჩეული აღნიშნული რეგულაციის ამოქმედება.

აქამდე მიღებული რეგულაციებს ვიცავდით. ახლა ვერ ვხვდებით ახალი რეგულაციების ლოგიკურობას "მწვანე კოვიდ პასპორტებთან" დაკავშირებით. მივესალმებით „მწვანე ზონებს“, უბრალოდ, როდესაც ქვეყანაში მხოლოდ 30% -ია ვაქცინირებული, ეს არის პრობლემა და რთულია ამ პირობებში ცენტრში მოსულ ადამიანს „მწვანე პასპორტი“ მოსთხოვო.

დეკემბრის ჯავშნები ჯერ არ გვაქვს. მშობლების უმრავლესობა გვეუბნება, რომ „მწვანე პასპორტი“ არ აქვთ და ცენტრში 2-3 წლის შვილს, 2 საათით მარტო ვერ დატოვებს. ჩვენ კი მოგვიწევს ცენტრში შემოსვლაზე ყველას უარი ვუთხრათ, ვისაც აღნიშნული პასპორტი არ ექნება. შესაბამისად, ისედაც განადგურების პირას მყოფ სექტორზე ეს რეგულაციები კიდევ უფრო დამანგრევლად აისახება.

იმედია რაღაც ცვლილება მოხდება ამ რეგულაციაში ისე, რომ სექტორი არ დაზარალდეს. რესტორნებთან მიმართებაში ეს შეზღუდვა ბევრად მარტივად იმუშავებს, რადგან ვინც რესტორანში მიდის - ძირითადად გასართობად, მას გააზრებული აქვს „მწვანე პასპორტის“ შინაარსი და შესაბამისად, უფრო მარტივად ადაპტირდება, მაგრამ ჩვენთან მშობელს მოჰყავს შვილი, რაც ძალიან დიდი განსხვავებაა“, - განაცხადა მთიულიშვილმა.

მთიულიშვილი ამბობს, რომ საკითხს ჯანდაცვის სექტორთან განიხილავს, თუმცა როგორ აპირებს ბიზნესი მოსალოდნელი კრიზისისგან თავის დაღწევას, ჯერჯერობით უცნობია.

"ჩვენ გვქონდა კომუნიკაცია დღესაც ჯანდაცვასთან, ბიზნეს ომბუდსმენი ამ საკითხებში ძალიან გვეხმარება, თუმცა ზუსტად რას ვაპირებთ 1-ლი დეკემბრის შემდეგ, ჯერჯერობით არ ვიცით", - ამბობს მთიულიშვილი.

ქრისტინე კაპანაძე