ბოლო 4 წელიწადში ბანკების მოგება 200%-ით გაიზარდა

”ბანკები ეკონომიკისთვის სახეიროს არაფერს აკეთებენ, ბიუჯეტშიც კი უმნიშვნელო თანხა შეაქვთ”

ბოლო 4 წელიწადში ბანკების წმინდა მოგება 200%-ით გაიზარდა. საქართველოს საბანკო სექტორისთვის განსაკუთრებით წარმატებული 2014 წელი აღმოჩნდა, როდესაც ბანკების მოგებამ ნახევარ მილიარდ ლარს მიაღწია. 2010 წელს ეს მაჩვენებელი 156,27 მლნ ლარი იყო. საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2013 წელს ბანკების წმინდა მოგება 389,1 მლნ ლარით განისაზღვრა, რაც 2014 წლის მონაცემებს 22%-ით ჩამორჩება. 2012 წელს საბანკო სექტორის მოგებამ 134,2 მლნ ლარი შეადგინა, ხოლო 2011 წელი 323-მილიონიანი მოგებით დასრულდა.

ბანკებისთვის განსაკუთრებით წარმატებული აღმოჩნდა 2014 წლის დეკემბერი, როდესაც მარტო ერთ თვეში მოგებამ 93,2 მლნ ლარი შეადგინა. 2013 წელს ეს მაჩვენებელი მხოლოდ - 1,1 მლნ ლარი იყო. ასეთი მოგების ფონზე, ბანკების მიერ გადახდილი გადასახადის მაჩვენებელმა 2014 წელს 79,8 მლნ ლარი შეადგინა, 2013 წელს კი 44,5 მილიონი ლარი იყო. 2012 წელს ბანკებმა ბიუჯეტს მარტოოდენ 33,3 მლნ ლარი შემატეს, 2011 წელს მხოლოდ - 15,39 მლნ ლარი, ხოლო 2010 წლისთვის ეს მაჩვენებელი 20,97 მლნ ლარია.

2015 წლის 1-ლი იანვრისთვის, საქართველოს საბანკო სექტორი 21 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი, თუმცა სულ 5 ბანკია, რომელიც ბაზარზე ამინდს ქმნის და თამაშის წესებს განსაზღვრავს. ფაქტობრივად, მთელი ფულადი რესურსიც მათ ხელშია.

საბანკო სფეროს ექსპერტების ინტერესს ბანკების მოგებაზე მეტად, მათ მიერ გადახდილი გადასახადების რაოდენობა იწვევს. ექსპერტ ლია ელიავას მიაჩნია, რომ საბანკო სექტორიდან ბიუჯეტში შესული თანხა გაცილებით მეტი უნდა იყოს და ბანკების ხელთ არსებული ფინანსური რესურსების შესახებ საზოგადოება რეალურ ინფორმაციას უნდა ფლობდეს. რაც შეეხება 2014 წელს ბანკების წმინდა მოგების მაჩვენებელს, ელიავას აზრით, ეს დიდი არ არის.

”ბანკების საკრედიტო პორტფელთან შედარებით, მოგების ნიშნული დაბალია. როდესაც საბანკო სექტორი 11 მილიარდს, ანუ ლამის ბიუჯეტისოდენა თანხას ატრიალებს, 500-მილიონიანი მოგება არ არის დიდი. უცხოეთის ქვეყნებში საბანკო სექტორი წარმოადგენს ეკონომიკის მამოძრავებელ და წინ წამწევ ძალას, რასაც ჩვენს ქვეყანაზე ვერ ვიტყვით. მთელ მსოფლიოში ბანკები ამაყობენ, რომ დიდი მოგება აქვთ. საქართველოში რატომღაც ეს არ არის კომერციული ბანკების საამაყო საგანი. სწორი იქნება, თუ საბანკო სექტორში არსებული სახსრები გადაეცემა ეკონომიკის სექტორს. ცალკე თემაა მათ მიერ გადახდილი გადასახადები, რაც ძალიან ცოტაა. საზოგადოებას მოგება იმდენად არ აინტერესებს, რამდენადაც საბანკო სექტორის მოგებიდან ბიუჯეტში ჩარიცხული თანხის რაოდენობა. როდესაც ბანკებს 11 მილიარდამდე ფულადი რესურსი აქვთ, ბიუჯეტისკენ გაცილებით მეტი თანხა უნდა მიემართებოდეს”, - აცხადებს ლია ელიავა.

ასეთივე მოსაზრება აქვს საბანკო სფეროს ექსპერტ გოჩა თუთბერიძეს. ის არ მიიჩნევს, რომ საქმე გვაქვს განსაკუთრებულ მოვლენასთან და ბანკებმა ზემოგება ნახეს. მეტიც, საბანკო სექტორის ნახევარმილიარდიანი მოგება ექსპერტში იწვევს საფუძვლიან ეჭვს, რომ ქართულ ეკონომიკაში ბევრი ზარალიანი დარგია.

”1 მილიარდიც რომ იყოს, ცალკე არაფერს გვეუბნება. თავისთავად კარგი პროცესია, რომ საბანკო სექტორს აქვს მოგება, რაც ნიშნავს, რომ ინვესტიციები საბანკო სექტორში კიდევ უფრო მოიმატებს და სამომავლოდ მეტი კაპიტალდაბანდების შესაძლებლობა გაჩნდება. არსებული მონაცემებიდან გამომდინარე, ბანკების ზემოგებაზე საუბარი გამიჭირდება. რეალურად ასე არ არის. როდესაც საბანკო სისტემის აქტივები 10 მილიარდ ლარს აჭარბებს, ნახევარმილიარდიანი მოგება მაინცდამაინც დიდ მაჩვენებლად არ ჩაითვლება. ცხადია, ამ პროცესს საპროცენტო განაკვეთების ზრდას ან შემცირებას ვერ დავუკაშვირებთ. ეს უკანასკნელი რისკიდან მომდინარეობს და მოგებასთან პირდაპირ კავშირში არ არის. საბანკო სექტორისთვის ასეთი მოგება ნიშნავს, რომ ქართულ ეკონომიკაში ბევრი ზარალიანი დარგი გვაქვს”, - აცხადებს თუთბერიძე.

”ერთი შეხედვით, ამდენია მოგება, მაგრამ გასათვალისწინებელია, საიდან ვიღებთ მას, რა დაბანდებიდან. როგორც წესი, ბანკების მოგების 75-80% საკრედიტო დაბანდებიდან მოდის, დანარჩენი - საკომისიო მომსახურებიდან ან სხვა საბანკო ოპერაციიდან. ჩემი აზრით, საბანკო სექტორში განსაკუთრებული არაფერი ხდება. მესმის, რომ 2010 წელთან შედარებით, ეს მოგება მნიშვნელოვნადაა გაზრდილი, მაგრამ მაშინ საბანკო სისტემის აქტივები იყო მცირე. ბოლო 4 წლის განმავლობაში საბანკო დეპოზიტები მატულობს და ეს მოგებაზეც აისახება. როდესაც რენტაბელურობის დონე 10-15%-ის ფარგლებშია, თუნდაც ნახევარი მილიარდი ლარი ზემოგებად არ ჩაითვლება”, - განმარტავს ექსპერტი.

არსებობს საპირისპირო მოსაზრებაც. ექსპერტი ზვიად კანდელაკი ფიქრობს, რომ ეკონომიკური პრობლემების ფონზე, ბანკებს ასეთი მოგება არ უნდა ჰქონდეთ. მით უმეტეს, რომ ქვეყანაში მცირე და საშუალო ბიზნესი სულს ღაფავს და არც მსხვილ ბიზნესს ულხინს. ”ნამდვილად მიკვირს, რომ საქართველოში, ანუ ასეთი წყალწაღებული ეკონომიკის მქონე ქვეყანაში ბანკებს ნახევარმილიარდიანი მოგება აქვთ. არ არსებობს ეკონომიკის არც ერთი დარგი და მიმართულება, რომელიც ასეთ მოგებაზე იმუშავებს. რაც მთავარია, ამ მოგებას საქართველოში ინაწილებს სულ 3-4 ბანკი. ისინი აკონტროლებენ ყველა ბიზნესს და სურთ, მთელი ბიზნესსექტორი საკუთარი გავლენის ქვეშ მოაქციონ. ამიტომაა, რომ ბანკების გარდა, გამართულად არაფერი მუშაობს. მცირე და საშუალო ბიზნესზე რომ არაფერი ვთქვათ, ქვეყანაში მსხვილ ბიზნესსაც უჭირს არსებობა. იმის ნაცვლად, რომ ბიზნესს ეხმარებოდნენ, ბანკებს თვალი ზემოგებისკენ უჭირავთ. დიდძალი ფულადი სახსრების მიუხედავად, ბანკები ეკონომიკისთვის სახეიროს არაფერს აკეთებენ, ბიუჯეტშიც კი უმნიშვნელო თანხა შეაქვთ”, - აცხადებს ექსპერტი.

მარი ჩიტაია

წყარო: გაზეთი ”რეზონანსი”