როგორ ხვდება ბაზარი წყლის გამათბობლებსა და გაზქურებზე ტექნიკური რეგლამენტის ამოქმედებას

ორჯერ გადავადების შემდეგ, ბუნებრივ აირზე მომუშავე მოწყობილობებისთვის 1-ლი დეკემბრიდან ახალი ვალდებულება ამოქმედდა.

კომპანია ,,ცელსიუსის“ მარკეტინგის მენეჯერი, სოფო ახალაია ,,ბიზნესპრესნიუსთან“ აცხადებს, რომ მათი კომპანია მზად არის რეგულაციისთვის. ახალაია პროდუქციაზე ფასის ზრდას ელოდება, თუმცა არა ახალი რეგლამენტის ამოქმედების გამო.

,,ჩვენი კომპანია მზად არის ამ ცვლილებისთვის, რადგან გაფრთხილებული ვიყავით წლის დასაწყისიდანვე. შესაბამისად, მაქსიმალურად გავითვალისწინეთ არსებული რეალობა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ „არისტონის“ ოფიციალური წარმომადგენლობა ვართ და ყველა რეგულაციას ისედაც ვაკმაყოფილებთ და ამის, შესაბამისი სერთიფიკატებიც გაგვაჩნია. ამ მიმართულებით ჩვენ არ ველოდებით პრობლემებს. 1-ელ დეკემბრამდე შემოტანილი პროდუქციის რეალიზაცია შეგვეძლება რეგლამენტის ცვლილების შემდეგაც, თუმცა აღარ გვექნება შემოტანის უფლება.

რაც შეეხება ფასებს, მისი ზრდა მოსალოდნელია, მაგრამ არა ახალი რეგლამენტის და სტანდარტის ცვლილების გამო. ნედლეულზეა ფასი გაზრდილი და ეს გამოიწვევს პროდუქციის გაძვირებას. ახლა, ვერ ვპროგნოზირებ რამდენად, თუმცა მნიშვნელოვან მატებას არ ველოდები“,- განაცხადა ,,ბიზნესპრესნიუსთან“ სოფო ახალაიამ.

შეგახსენებთ, საუბარია, აირად საწვავზე მომუშავე მოწყობილობების შესახებ ტექნიკურ რეგლამენტზე, რომელიც მიმდინარე წლის 1-ლი ივლისიდან უნდა ამოქმედებულიყო. შემდეგ რეგლამენტის ამოქმედება 1-ელ სექტემბრამდე გადავადდა, მერე კი 1-ელ დეკემბრამდე. შესაბამისად, იმ ბიზნესსუბიექტებს, რომლებიც გაზზე მომუშავე მოწყობილობების რეალიზაციას ახორციელებენ, მოუწევთ ისეთი ტექნიკა, როგორიცაა გაზის გამათბობლები, წყლის გამაცხელებლები, აღნიშნულ რეგლამენტთან შესაბამისობაში მოიყვანონ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ამ ტიპის მოწყობილობების რეალიზაცია ვეღარ განხორციელდება.

თამარ მუკბანიანი