რა შეიცვალა იპოთეკური სესხის სუბსიდირების პროგრამაში - ვინ ვერ ისარგებლებს პროგრამით

სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ პროგრამაში - „სუბსიდირებული იპოთეკური სესხი“ ცვლილება შევიდა. კერძოდ, საუბარია მრავალშვილიანი ან ახალშეძენილი შვილების მქონე ოჯახებისთვის იპოთეკური სესხის სუბსიდირების პროგრამაზე.

ცვლილების თანახმად, გაფართოვდა მარტოხელა მშობლის სტატუსის განსაზღვრება. თუ აქამდე, არსებული რედაქციით, სესხის სუბსიდირების პროგრამაში ჩართვა შეეძლო მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე პირს, ცვლილების შემდეგ სტატუსის ქონა არ იქნება აუცილებელი და პროგრამით სარგებლობას შეძლებენ ის პირებიც, რომლებიც რეგისტრირებულ ქორწინებაში არ იმყოფებიან, თუმცა, სხვა კრიტერიუმებს აკმაყოფილებენ.

"ცვლილების თანახმად, პროგრამით სარგებლობა შეეძლებათ:

საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე საქართველოს მოქალაქეს ან/და; საქართველოს მოქალაქე ფიზიკურ პირს, რომელიც სესხის აღების მომენტში არ იმყოფება რეგისტრირებულ ქორწინებაში და ჰყავს არასრულწლოვანი შვილ(ები)ი/აყვანილი შვილ(ები)ი,“-აღნიშნულია მთავრობის დადგენილებაში.

გარდა ამისა, ცვლილების მიხედვით, ამ პროგრამით სარგებლობას ვერ შეძლებს ის მსესხებელი, რომელიც არის საქართველოს მთავრობის 2020 წლის სახელმწიფო პროგრამის –„იპოთეკური კრედიტების მხარდაჭერის მექანიზმის“ ბენეფიციარი“.

კიდევ ერთი სიახლე, რომელსაც მთავრობის 29 ნოემბრის დადგენილება გულისხმობს, შეეხება სარდაფების, სხვენების ამ პროგრამაში მოხვედრის კრიტერიუმებს.

„ამ პროგრამის ფარგლებში საცხოვრებელ სახლში/კომპლექსში არსებულ სამეურნეო სათავსებზე (სარდაფები, სხვენები, ფარეხები და ა. შ.) მხოლოდ იმ შემთხვევაში გავრცელდება პროგრამა, თუ ისინი განთავსებულია იმავე საცხოვრებელ სახლში/კომპლექსში, სადაც ამ პროგრამის ფარგლებში გაცემული სესხით შესაძენი ბინა და შეძენილი იქნება საცხოვრებელ ბინასთან ერთად,“-ნათქვამია დადგენილებაში.

ცნობისთვის, პროგრამა სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" ფარგლებში 1-ლი სექტემბრიდან ამოქმედდა. პროგრამით სარგებლობის შესაძლებლობა აქვს სუბიექტს, რომელსაც: ჰყავს 2021 წლის 1 სექტემბრის შემდეგ დაბადებული 1 წლამდე ასაკის შვილი; სესხის აღების მომენტში ჰყავს 3 ან მეტი არასრულწლოვანი შვილი; სესხის აღების მომენტში ჰყავს 2021 წლის 1 სექტემბრის შემდეგ შვილად აყვანილი არასრულწლოვანი პირი. სესხის მაქსიმალური მოცულობა 200 000 ლარია. თუმცა, დასაშვებია, რომ ასაშენებელი ბინის/სახლის ღირებულება აღემატებოდეს 200 000 ლარს.

თაია არდოტელი