რომელ ქალაქშია ცხოვრება ყველაზე ძვირი - EIU რეიტინგის Top-10

თელავივი მსოფლიოში საცხოვრებლად ყველაზე ძვირად ღირებულ ქალაქად დასახელდა. ქალაქების რეიტინგი Economist Intelligence Unit-მა (EIU) ყოველწლიურ ანგარიშში წარმოადგინა, რომელსაც CNBC ავრცელებს.

EIU-ს 2021 წლის დეკემბერში ცხოვრების ღირებულების მსოფლიო ინდექსის რეიტინგში ისრაელის ქალაქი პირველად ლიდერობს. გასულ წელს თელავივს მეხუთე ადგილი ეკავა.

EIU-ს შეფასებით, თელავივმა რეიტინგში მე-5 ადგილიდან პირველ ადგილზე, ძირითადად, იმის გამო გადაინაცვლა, რომ ისრაელის ვალუტის, შეკელის კურსი დოლართან მიმართებაში გაიზარდა, რაც ისრაელის წარმატებულ ვაქცინაციას უკავშრდება. Our World in Data-ს მონაცემებით, ისრაელს მსოფლიოში Covid-19-ზე ვაქცინაციის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი პროგრამა ჰქონდა. კვირის დასაწყისის მაჩვენებლებით, ისრაელის მოსახლეობის 62% სრულად არის აცრილი, ხოლო ნოემბრის დასაწყისში ისრაელის შეკელი დოლართან მიმართებაში 4%-ით გაიზარდა.

საფრანგეთის დედაქალაქი პარიზი, სინგაპურთან ერთად, რეიტინგში მეორე ადგილზე ჩამოქვეითდა, ხოლო რომმა რეიტინგში ყველაზე დიდი ვარდნა დააფიქსირა, რაც იტალიის დედაქალაქში სასურსათო პროდუქტებსა და ტანსაცმელზე ფასების მკვეთრ კლებას უკავშირდება.

2021 წლის ყველაზე ძვირად ღირებული ქალაქების მსოფლიო ტოპ 10-ეული ასეთია:

  • თელავივი, ისრაელი
  • პარიზი, საფრანგეთი
  • სინგაპური
  • ციურიხი, შვეიცარია
  • ჰონგ კონგი, ჩინეთი
  • ნიუ-იორკი, აშშ
  • ჟენევა, შვეიცარია
  • კოპენჰაგენი, დანია
  • ლოს ანჯელესი, აშშ
  • ოსაკა, იაპონია

EIU-ის უახლეს კვლევაში, რომელშიც 173 ქალაქში 200-ზე მეტი პროდუქტისა და სერვისის ფასები არის შესწავლილი, ნათქვამია, რომ თელავივში პროდუქტების, დაახლოებით, მეათედი გაძვირდა.

EIU-ს მონაცემებით, მიმდინარე წლის სექტემბრამდე, წლიური მაჩვენებლით ფასების ინფლაციის დონე ადგილობრივ ვალუტაში 3,5%-ით გაიზარდა, რაც 2020 წელს მხოლოდ 1,9%-ს შეადგენდა. ეს EIU-ის ბოლო ხუთი წლის ინდექსში ინფლაციის ყველაზე სწრაფ ტემპს წარმოადგენს.

„მიწოდების ჯაჭვის პრობლემებმა, ვალუტის კურსის მერყეობამ და სამომხმარებლო მოთხოვნის ცვლილებამ ნედლეულსა და სხვა საქონელზე ფასების ზრდა გამოიწვია,“ - წერია EIU-ს ანგარიშში. ასევე, დაფიქსირდა ტრანსპორტის ხარჯების ყველაზე დიდი ზრდა და მიმდინარე წელს, კვლევის მიხედვით, ლიტრა ბენზინის ფასი, საშუალოდ, 21%-ით გაიზარდა.

EIU-ს მსოფლიო ცხოვრების ღირებულების მიმართულების ხელმძღვანელი, უპასანა დატი აცხადებს, რომ მომავალ წელს ბევრ ქალაქში, ანაზღაურების ზრდასთან ერთად, ფასების კიდევ უფრო მეტი ზრდა არის მოსალოდნელი.

„თუმცა ჩვენ, ასევე, ველით, რომ ცენტრალური ბანკები ინფლაციის შესაჩერებლად საპროცენტო განაკვეთებს სიფრთხილით გაზრდიან,” - აცხადებს უპასანა დატი.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ