10 თვეში მთავრობის ვალდებულებები 3.837 მლრდ ლარით გაიზარდა

2020 წლის 10 თვეში ქვეყნის მთავარ ხაზინაში დაახლოებით 14.220 მლრდ ლარი შევიდა. გარკვეულწილად, ეს ზრდა ვალების აღების ხარჯზე ხდება, ყოველ შემთხვევაში, როგორც პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია აღნიშნული, იანვარ-ოქტომბერში მთავრობის ვალდებულებების მოცულობა 3.837 მლრდ ლარით გაიზარდა. უნდა აღინიშნოს, რომ მიმდინარე წლის ოქტომბერში სექტემბერთან შედარებით ვალის მოცულობა დაახლოებით 185 მლნ ლარით მეტია.

რაც შეეხება ვალის აღების წყაროებს. მიმდინარე წლის 10 თვეში მთავრობამ საგარეო ვალის სახით 4.409 მლრდ ლარის ვალი აიღო. აქედან 1.713 მლრდ ლარი ქვეყანამ ევრობონდების განთავსების საშუალებით მიიღო, დაახლოებით 1.627 მლრდ ლარი მთავრობამ საბიუჯეტო კრედიტებიდან აიღო, საინვესტიციო კრედიტებიდან აღებული ვალების მოცულობამ კი 1.069 მლრდ ლარი შეადგინა.

რაც შეეეხება საშინაო ვალს, უნდა აღინიშნოს, რომ მიმდინარე წელს მთავრობამ უფრო მეტი შიდა ვალი დაფარა, ვიდრე აიღო, უფრო კონკრეტულად, სახაზინო ვალდებულებების და სახაზინო ობლიგაციების გამოშვებისა და დაფარვის შედეგად წმინდა შემოსულობა -571.5 მლნ ლარს შეადგენს. სწორედ ამან განაპირობა მთლიანი ვალის მაჩვენებლის შედარებით შემცირება.

აქვე იმასაც შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წელს ვალდებულებების წილი ბიუჯეტის მთლიან შემოსულობებში 27%-ს შეადგენს. ამასთან, ვალების აღების წილი მთლიან შემოსულობებში 2019 წელს მხოლოდ 12.7%-ს შეადგენდა.

ნოდარ სირბილაძე