"თიბისი ბანკისა" და "ბანკი კონსტანტას" შერწყმის პროცესი წარმატებით დასრულდა

"თიბისი ბანკისა" და "ბანკი კონსტანტას" იურიდიული და საოპერაციო შერწყმის პროცესი წარმატებით დასრულდა.

"თიბისი ბანკის" ინფორმაციით, "თიბისი ბანკი" "კონსტანტას" ოპერაციებს განახორციელებს, როგორც ერთი იურიდიული პირი. მათივე ინფორმაციით, კონსოლიდაციის შედეგად, "თიბისი ბანკისა" და "ბანკი კონსტანტას" სერვისებისა და პროდუქტების ინტეგრაცია მოხდა, რის შემდეგაც ყოფილი "კონსტანტას" მომხმარებლებისათვის ხელმისაწვდომი იქნება იგივე პროდუქტები და სერვისები, რომლებითაც ისინი სარგებლობდნენ მანამდე.

პროცედურული ცვლილებების შესახებ "კონსტანტას" კლიენტებს უკვე მიეწოდათ ინფორმაცია. "თიბისი ბანკში" აცხადებენ, რომ უახლოეს თვეებში განხორციელდება რებრენდინგი და ყოფილი "კონსტანტას" ფილიალები გააგრძელებს მუშაობას "თიბისი ბანკი კონსტანტას" სახელით. "კონსტანტას" მომხმარებლებს მომსახურების მიღება "თიბისი ბანკის" ქსელსა და ყოფილი "კონსტანტას" ფილიალებში შეეძლებათ.

"თიბისი ბანკისა" და "ბანკი კონსტანტას" კონსოლიდაციის შესახებ გადაწყვეტილება "თიბისი ბანკის" სამეთვალყურეო საბჭომ მიკროფინანსების ბაზარზე არსებული ახალი გამოწვევებისა და ამ ბიზნესში ზრდის მაღალი პოტენციალის გამო, გასული წლის ბოლოს მიიღო. კონსოლიდაციის პროცესი რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. შერწყმის შემდეგ, მიკროფინანსირება "თიბისი ბანკის" ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება იქნება.