შვეიცარიაში 50 მილიონი ევროს ღირებულების უძველესი არტეფაქტები აღმოაჩინეს

შვეიცარიის ქალაქ ბაზელში იტალიელმა და შვეიცარიელმა სამართალდამცავებმა 5 ათასზე მეტი უძველესი ხანის არტეფაქტი აღმოაჩინეს.

”როიტერის” ინფორმაციით, იტალიის კულტურის მინისტრის დარიო ფრანჩესკინის განცხადებით, ნაპოვნი არტეფაქტების ღირებულება 50 მილიონ ევროს აჭარბებს. არტეფაქტები ჩვენს წელთაღრიცხვამდე მე-8 და ჩვენი წელთაღრიცხვით მე-3 საუკუნეებით თარიღდება. აღმოჩენილ ნივთებს შორის არის იშვიათი ბერძნული და რომაული ამფორები, ქანდაკებები, ლარნაკები და ფრესკები.

შვეიცარიის და იტალიის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ჩატარებული ერთობლივი სპეცოპერაციის შედეგად, პოლიციამ ბაზელში არტეფაქტებით სავსე ხუთი საწყობი აღმოაჩინა. სამართალდამცავებმა საქმესთან დაკავშირებით ცოლ-ქმარი დააკავეს. არსებული ინფორმაციით, უძველესი ხანის არტეფაქტების გაყიდვა ყალბი დოკუმენტებით გერმანიაში, დიდ ბრიტანეთში, აშშ-ში, იაპონიასა და ავსტრალიაში იგეგმებოდა.

იტალიის კულტურის მინისტრის დარიო ფრანჩესკინის განცხადებით, ქვეყნის ისტორიაში ეს ყველაზე დიდი აღმოჩენაა. მისივე თქმით, ყველა ნაპოვნი არტეფაქტი იტალიის მუზეუმებს დაუბრუნდება.