რამდენი უცხოელი მიგრანტი ცხოვრობს საქართველოში - გაეროს ანგარიში

საერთაშორისო მიგრანტებს მსოფლიო მოსახლეობის 3,6%, ანუ 281 მილიონი ადამიანი შეადგენს. მათი უმრავლესობა ევროპაში (87 მილიონ ადამიანი) და აზიის ქვეყნებში (86 მილიონი) ცხოვრობს - ამის შესახებ აღნიშნულია მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (International Organization for Migration-IOM) ანგარიშში.

რაც შეეხება საქართველოს, ანგარიშის მიხედვით, ჩვენთან 79,4 ათასი საერთაშორისო მიგრანტია, რაც მოსახლეობის 2%-ს შეადგენს. ამასთან, აზერბაიჯანში საერთაშორისო მიგრანტების რაოდენობა მოსახლეობის 2,5%, ანუ 252 ათასი ადამიანია, სომხეთში - 190 ათასი (6,4%), თურქეთში - 6,05 მილიონი ადამიანი (7,2%), რუსეთში კი - 11,6 მილიონი პირი (8%).

საერთაშორისო მიგრანტების 40% წარმომავლობით აზიის 6 ქვეყნიდან არის. ესენია: ინდოეთი, ჩინეთი, ბანგლადეში, პაკისტანი, ფილიპინები და ავღანეთი. საერთაშორისო მიგრანტთა რაოდენობის წარმომავლობის მიხედვით, მექსიკა, ინდოეთის შემდეგ მეორე ადგილზეა, ხოლო რუსეთი - მესამეზე.

IOM-ის მონაცემებით, 1970 წლიდან 2020 წლამდე საერთაშორისო მიგრაციის მასშტაბები სამჯერ გაიზარდა. ბოლო ათწლეულების განმავლობაში, შეერთებული შტატები და გერმანია მიგრანტებისთვის ყველაზე მიმზიდველი ქვეყნებია. თუ 1970 წელს შეერთებულ შტატებში 12 მილიონი საერთაშორისო მიგრანტი იყო, დღეს 51 მილიონზე მეტია. გერმანიაში მხოლოდ ბოლო 10 წლის განმავლობაში საერთაშორისო მიგრანტების რაოდენობა 8,9 მილიონიდან 16 მილიონამდე გაიზარდა. საფრანგეთი, რუსეთი, არაბეთის გაერთიანებული საემიროები და საუდის არაბეთი მიგრანტებისთვის, ასევე, მიმზიდველი ქვეყნებია. მაგალითად, არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში მოსახლეობის 88% საერთაშორისო მიგრანტია.

გაერო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მიგრანტები, ლტოლვილებისგან განსხვავებით, „სხვა ქვეყნებში იმიტომ კი არ გადადიან, რომ დევნიან ან მათ სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებათ, არამედ იმისთვის, რომ ცხოვრების დონე გაიუმჯობესონ, მოძებნონ კარგი სამუშაო ან მიიღონ განათლება.“

„ესენი არიან ადამიანები, რომლებიც ცხოვრობენ და მუშაობენ იმ ქვეყნების ფარგლებს გარეთ, სადაც დაიბადნენ. ისინი გადასახლდნენ თავიანთი და შვილების უკეთესი ცხოვრების საძიებლად, შეავთ უდიდესი წვლილი როგორც მასპინძელი, ისე წარმოშობის ქვეყნების განვითარებაში,“ - ნათქვამია ანგარიშში.

IOM-ის ანგარიშში გამოყენებულია საერთაშორისო მიგრანტთა რაოდენობის ბოლო მონაცემები, რაც გაეროს ეკონომიკური და სოციალური დეპარტამენტის (United Nations Department of Economic and Social Affairsეს-DESA) მიერ მიმდინარე წელს გამოქვეყნდა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ