მე-4 სამედიცინო ცენტრი, რომლის დირექტორი და ექიმი „ფაიზერის“ ვაქცინაციის დამადასტურებელი ყალბი საბუთის დამზადების ბრალდებით დააკავეს, დაკეტილია

მე-4 სამედიცინო ცენტრი, რომლის დირექტორი და ექიმი - ლია გოგლიძე და ლია სულაძე „ფაიზერის“ ვაქცინაციის დამადასტურებელი ყალბი საბუთის დამზადების ბრალდებით დააკავეს, დაკეტილია. ადგილზე მისულ მოქალაქეებს, რომლებიც კლინიკაში აცრის გასაკეთებლად მივიდნენ, კლინიკის კარი დაკეტილი დახვდათ. მედპერსონალი არ პასუხობს არც ჟურნალისტებს.

როგორც ერთ-ერთი მოქალაქე ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტავს, მეოთხე სამედიცინო ცენტრში მესამე დღეა მიდის, თუმცა სასურველი ვაქცინა ჯერ კიდევ ვერ გაიკეთა. მიზეზად კი, კლინიკაში მიმდინარე აღწერა განუმარტეს.

“არ დავრეგისტრირებულვარ, ისე მოვედი კლინიკაში აცრის გასაკეთებლად. მითხრეს, რომ არ არის საჭირო. ამის თაობაზე ვესაუბრე მიმღებში. კლინიკაში მოსული ვიყავი ორშაბათს და სამშაბათს იმ მიზნით, რომ “ფაიზერის” ვაქცინა არ მინდოდა, “სინოფარმის” ვაქცინა მინდოდა. მითხრეს, აღწერა არის და დღის მეორე ნახევარში მოდიო. დარეგისტრირების გარეშე დამპირდნენ, რომ ამცრიდნენ, რაიმე თანხა არ მოუთხოვიათ. კლინიკის დირექტორისა და კლინიკის ექიმის დაკავების თაობაზე პირველად გავიგე”, - აცხადებს მოქალაქე.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, კომერციული მოსყიდვისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გასაღების ფაქტზე #4 სამედიცინო ცენტრის დირექტორი და ამავე ცენტრის ექიმი დააკავეს.

უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დგინდება, რომ აღნიშნულმა პირებმა, კონკრეტული თანხის სანაცვლოდ, დაამზადეს მოქალაქის კოვიდსაწინააღმდეგო „ფაიზერის“ ვაქცინით აცრის დამადასტურებელი ყალბი საბუთი და უკანონოდ დაარეგისტრირეს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ოფიციალურ ვებ-გვერდზე, რის შედეგადაც მოქალაქე, რომელსაც არ ჰქონდა გავლილი შესაბამისი იმუნიზაცია, აღირიცხა აცრილად. შესაბამისად, მიენიჭა სახელმწიფოს მიერ კოვიდრეგულაციის ფარგლებში დადგენილი შეღავათები.

„გარდა ხსენებული ეპიზოდისა, გამოძიების ფარგლებში მოპოვებული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ ქმედება არ ატარებდა ერთჯერად ხასიათს და ბრალდებულები სისტემატურად ახორციელებდნენ არავაქცინირებული პირების ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ვებ-გვერდზე რეგისტრაციას, ყალბი დოკუმენტების დამზადება-გამოყენების გზით“, - აცხადებენ სუს-ში.