მეორადი პროდუქციის ბიზნესში Prada-ც ერთვება

იტალიური მოდის ჯგუფი Prada მეორადი ტანსაცმლის სწრაფად განვითარებად სექტორში ჩართვას გეგმავს. კომპანია მეორადი ტანსაცმლის სექტორის როგორც შიდა, ისე პარტნიორობით განვითარებას მოიაზრებს. ამის შესახებ Reuters-ს მარკეტინგის ხელმძღვანელმა და Prada-ს მემკვიდრემ, ლორენცო ბერტელიმ განუცხადა.

Reuters-ის შეფასებით, მეორადი ჩანთებისა და ტანსაცმლის ბაზარი ბოლო სამი წლის განმავლობაში ახალგაზრდა, ეკოლოგიურად შეგნებული მყიდველების ხარჯზე გაიზარდა, რომლებიც მაღალი ხარისხის ხელმისაწვდომ საქონელს ეძებენ.

საკონსულტაციო კომპანია Bain-ის მონაცემებით, მეორადი ტანსაცმლის სექტორის გაყიდვები წელს 33 მლრდ ევროს (37.2 მლრდ დოლარს) მიაღწევს. 2017-2021 წლების პერიოდში სექტორის გაყიდვები 65%-ით გაიზარდა მაშინ, როცა ფუფუნების ახალი საქონელის გაყიდვებმა მხოლოდ 12%-ით მოიმატა.

მოდის კონკურენტი კომპანიები ამ სექტორს უკვე იკვლევენ. მიმდინარე წლის დასაწყისში ფრანგულმა კონგლომერატმა, Kering-მა მეორადი ტანსაცმლისა და ჩანთების წამყვან პლატფორმა Vestiaire Collective-ში 5%-იანი წილი შეისყიდა, ხოლო Kering-ის ფლაგმანური ბრენდი Gucci გასულ წელს აშშ-ში დაფუძნებული მეორადი საქონლის გადაყიდვის პლატფორმა RealReal-ის პარტნიორი გახდა.

„Second hand არის სტრატეგია, რომელსაც ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში ვიკვლევთ. ძალიან ბევრის გამხელა არ შემიძლია, მაგრამ სექტორით ნამდვილად ვისარგებლებთ და მას, როგორც შესაძლებლობას გამოვიყენებთ. ეს შესაძლოა, იყოს პარტნიორობა რომელიმე მოთამაშესთან ან შიდაბიზნესი, ანდა ორივე ერთად, ერთგვარი ჰიბრიდული გადაწყვეტა თუნდაც ელექტრონული კომერციისთვის,“ - აცხადებს ლორენცო ბერტელი, რომელიც აღმასრულებელი დირექტორების, პატრიციო ბერტელისა და მიუჩია პრადას უფროსი ვაჟია.

Reuters-ის შეფასებით, Prada-ს იმპერიის მემკვიდრეს ოჯახის მიერ კონტროლირებადი ჯგუფის დამოუკიდებლობის შენარჩუნება სურს. ის კომპანიის სადავეებს რამდენიმე წელიწადში აიღებს ხელში. ლორენცო ბერტელის მუდმივად ცვალებადი მოდის მომავალი გამოწვევები არ აშინებს, რასაც ის რალის მძღოლის გამოცდილებას აბრალებს.

„რალიმ და ზოგადად, სპორტმა ბევრი რამ მასწავლა. ის გასწავლის, არასდროს დანებდე და თან შეგუების რთულ უნარსაც გაჩვევს, რომ კიდევ უფრო მეტი ისწავლო," - აცხადებს ლორენცო ბერტელი.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ