იაპონური საავტომობილო კონცერნი Honda უკან იწვევს 788 ათას ავტომობილს მსოფლიოს მასშტაბით. გაწვევა ეხება ამ ბრენდის პიკაპებსა და უგზოობის მოდელებს. ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკის საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სამსახური NHTSA ავრცელებს.
მათი ცნობით, გაწვევის მიზეზია, დეფექტი, რომლის გამოც მოძრაობის დროს შესაძლოა, ავტომობილს კაპოტი გაეხსნას.
სააგენტო Associated Press-ი აზუსტებს, რომ გასაწვევი ავტომობილების აბსოლუტური უმეტესობა შტატებზე მოდის. საუბარია, 725 ათას ერთეულზე. სხვა ქვეყნები კი ჩამონათვალში არ ფიგურირებს.
NHTSA დოკუმენტში აღნიშნავს, რომ გაწვევას ექვემდებარება უგზოობის მოდელები Passport და Pilot ასევე Ridgeline პიკაპი. მათი გამოშვების წლებია 2016-2019.
Honda-ს შეფასებით, ამ დეფექტმა შესაძლოა მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვიოს. კომპანია გასაწვევ ავტომობილებზე მომსახურებას უფასოდ გასწევს.